ისტორია

რატომ შემოიჭრა აბუ ლ-კასიმი კავკასიაში

№12

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 29.03

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ძველად ადარბადაგანი (აზერბაიჯანი, სახელიდან ატროპატენა) ერქვა დღევანდელი ირანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციას. ტერიტორიას სახელი ატროპატენა დაერქვა დარიოს მესამისა და ალექსანდრე მაკედონელის სატრაპის – ატროპატის სახელიდან, რომელმაც სახელმწიფო შექმნა აღნიშნულ ტერიტორიაზე და რომელსაც მისი სახელი ეწოდა. მეცხრე საუკუნეში ადარბადაგანში არაბთა სახალიფომ ამირებად (ხალიფას მოადგილებად) გამოარჩია საჯიდების საგვარეულოს დინასტია. როგორც ამბობენ, საჯიდები ძველი ირანული, სოგდიური დიდებულების გვარის შთამომავლები ყოფილან, რომლებიც დაწინაურდნენ არაბთა სახალიფოში. სოგდიელები (სოგდიანას ხალხი) ცხოვრობდნენ ცენტრალურ აზიაში, დღევანდელი ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ზოგიერთი ოლქის ტერიტორიებზე. საჯიდები სოგდიელების დიდებულები, მთავრები, აფშინები ყოფილან.

საჯიდების ადარბადაგანის ამირათა დინასტიის დამაარსებლად ითვლება აბუ-საჯ დივდადი, რომელსაც სახალიფოს წინაშე დიდი დამსახურებები ჰქონდა. იგი ყოფილა ერთ-ერთი სარდალი და თანამებრძოლი ჰაიდარ იბნ ქავუს ალ-აფშინისა, უსრაშანის მთავრისა, რომელმაც, როგორც არაბთა და ადარბადაგანის ამირამ, 837 წელს არაბთა არმიით ჩაახშო ბაბექის აჯანყება ადარბადაგანში. შემდეგში აბუ-საჯ დივდადი ჯერ ჰაიდარ იბნ ქავუს ალ-აფშინის დავალებებს ასრულებდა. მერე, როცა არაბებმა მოიძულეს ჰაიდარ იბნ ქავუს ალ-აფშინი, აბუ-საჯ დივდადი ხალიფების სამსახურში იდგა და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ომში. სახალიფოში ჰქონდა დიდი თანამდებობები, მაჰმადიანთა წმინდა ქალაქ მექის გზის გამგებელიც ყოფილა.

მისი შვილები, ადარბადაგანის ამირები, მუჰამედ იბნ აბუ საჯი და იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი (აბუ ლ-კასიმი), კარგი სარდლები გამოდგნენ.

მუჰამედი დაეხმარა ახალ ხალიფას ტახტზე ასვლაში და მიიღო ადარბადაგანი, არმენია და სხვა ტერიტორიები, ხალიფას ხალათი და ტიტული ალ-აფშინი (მბრძანებელი, მთავარი). 889 წელს ხალიფამ დანიშნა ადარბადაგანისა და დვინის ამირად. ადარბადაგანში მისულმა მუჰამედმა დაამარცხა მოწინააღმდეგეები და განიმტკიცა ხელისუფლება. მუჰამედმა მეცხრე საუკუნის ბოლოს ფულიც მოჭრა თავის სახელზე. დვინში, სომხეთის ერთ ნაწილში, თავის ნაცვლად დანიშნა საკუთარი შვილი. მისი ძმა, იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი (აბუ ლ-კასიმი) იყო ხალიფას ვალი (მოადგილე) მექაში და მერე სხვა მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა სახალიფოში. 901 წელს მუჰამედი გარდაიცვალა და ამირა და აფშინი გახდა მისი ვაჟი, დივდადი. მაგრამ, ბიძამ, იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯიმ (აბუ ლ-კასიმმა) დაამხო და აფშინის ტახტი ხელში ჩაიგდო.

საჯიდები, მათ შორის აბუ ლ-კასიმი თავს ხალიფას ქვეშევრდომად კი არა, ვასალად მიიჩნევდნენ. თავს სახელმწიფოს მბრძანებლებად თვლიდნენ, რომელიც აღიარებს სულიერ ლიდერს, ხალიფას, თუმცა, თავის სამბრძანებლოში სუზერენია, დიდი ამბიციები ჰქონდათ. იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯის უნდოდა თავი გამოეცხადებინა სახალიფოსგან სრულიად დამოუკიდებელ ხელმწიფედ. დაეკავებინა კიდევ მეტი ტერიტორიები და ამისთვის ემზადებოდა. მის მეზობლად სომხური და ქართული სამეფო-სამთავროები იყო, რომლებიც ცდილობდნენ, დამოუკიდებელი სახელმწიფოები ყოფილიყვნენ. გარდა სომეხთა და ქართველთა სამეფო-სამთავროებისა, სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანი მმართველებიც ცდილობდნენ ხალიფას გავლენისგან გამოსვლას. აქვე იყო ტფილისის საამიროც, რომლის ამირებსაც აღარ უნდოდათ სახალიფოზე ყოფილიყვნენ დამოკიდებული. განჯისა და დარუბანდის მაჰმადიანი მმართველებიც ცდილობდნენ, აღარ დამორჩილებოდნენ აბასიდების ხალიფას.

როგორც ჩანს, იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯიმ (აბუ ლ-კასიმმა) გადაწყვიტა ჯერ ეს ქვეყნები დაემორჩილებინა არაბული, სახალიფოს ძალებით და შემდეგ სახალიფოსაც განდგომოდა. ამ მიზნით, მან კარგად გამოიყენა ხალიფას სურვილი, აღედგინა ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობა და არაბული და ადარბადაგანის ჯარებით შემოესია სამხრეთ კავკასიას.

სტეფანე მტბევარი გვიამბობს: „მიშუებითა ღმრთისაèთა აღიძრა მეფე სარკინოზი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბულ-საჯისი ამირისაè და უფალი სპარსეთისაè, რომელსა ჰმონებდა სამეოცი ქალაქი დიდ-დიდი და შვიდნი მეფენი ჰმორჩილებდეს ძლიერნი”. იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯიმ (აბუ ლ-კასიმმა) 907 წელს შეუტია სომხეთს. ტბეთის ეპისკოპოსი სტაფანე წერდა: „ვითარ მოსძლევდა სარკინოზი იგი და არა იპოვა ღონეი წინააღმდგომისა სომეხთა მეფისაè, არცა განრინებისაè, რამეთუ ღმერთსა განეხეთქა მეფობაè იგი მისი“.

აბუ-ლ კასიმმა მოახერხა, სომხები დაეპირისპირებინა სომხებისთვის, სომეხთა ერთი მეფე, გაგიკ არწრუნი, ვასპურაკანის ხელმწიფე გადაიბირა, გამოაცხადა „არმენთა მეფედ“ და 909 წელს დაამარცხა დანარჩენი სომხები. ძალიან მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყოლია დამპყრობელს. სტეფანე მტბევარის თქმით: „ოთხმეოცდაშვიდი ხევი მოოხრდაო“.

სომეხთა სხვა მეფე, სმბატ პირველი ბაგრატუნი გამოიქცა აფხაზთა სამეფოში, რომელსაც ეკუთვნოდა შიდა ქართლი. „მატიანე ქართლისა“ გვამცნობს: „მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუსაჯისი, რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა სპითა დიდითა და ურიცხვითა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ სომეხთა მეფემან ვერ დაიდგნა ზარისა მისისაგან, და წარმოვიდა მუნით მეოტობით და მიმართა მთათა აფხაზეთისათა, და მუნ იყოფოდა“.

იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი (აბუ ლ-კასიმი) ჯერ ტფილისში შემოვიდა: „და მოვიდა აბუსაჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი.“ ტფილისის ამირა ჯაფარ იბნ-ალი და აბუ ლ-კასიმი შეთანხმდნენ და აბუ ლ-კასიმი გადავიდა კახეთში. „მოვიდა და მოადგა უჯარმოს. შიგა დგა სამასი კაცი, და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა“. მეციხოვნეების მდგომარეობა უიმედო იყო: „ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგმიდეს, დააგდეს ღამე და გარდაიხუეწნეს: რომელნი-მე წარვიდეს და რომელთა-მე ეწივნეს და დახოცნეს, ვითარცა ცნეს ბოჭორმელთა ციხოვანთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გარდაიხუეწნეს. რაჟამს მოვიდეს, პოვეს იგი უკაცური და თქუეს: „რომელი ბაკი (საქონლის სადგომი, ნაკლებად გამაგრებული – გ. მ.) იყო, მუნ შინა ფიცხლად შეგუებნეს; და რომელი ციხე არს, იგი უკაცურად დაუგდიათ”.

მაჰმადიანებმა „აღიღეს ბოჭორმა და დაიჭირეს ციხედ-ვე, და უჯარმის ზღუდენი დაარღვივნეს“.

კახეთის ქორეპისკოპოსს არ ჰყავდა იმდენი მეომარი, გამკლავებოდა არაბთა, ადარბადაგანელთა და სხვა ქვეყნების მაჰმადიანთა მრავალრიცხოვან ჯარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი