გულახდილი საუბრები

დედამთილმა ორშვილიანი რძლად არ მიმიღო, ქმარი კი ხელის გულზე გვატარებს მეც და ჩემს შვილებსაც

№18

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.05

დედის აღსარება
დაკოპირებულია

სკოლის დამთავრებისთანავე გავთხოვდი და გავყევი ბიჭს, რომელიც არ მიყვარდა. უბრალოდ, მისი ძველბიჭობის გამო ყველა გოგო მოხიბლული იყო და რომ გავიგე, მე ვუყვარდი, ალბათ, სხვა გოგოების ჯინაზე გადავდგი ეს ნაბიჯი. მერე კი ვინანე, მაგრამ რაღა დროს. მასთან ორი შვილი მეყოლა. არაჩვეულებრივი დედ-მამა ჰყავდა, მართლა საკუთარი შვილივით მიმიღეს, მაგრამ ქმარი არ ვარგოდა და მათი ხათრით ნამდვილად ვერ ვიცხოვრებდი კაცთან, რომელიც დღე და ღამე ქუჩაში იდგა და აბირჟავებდა. მუშაობასა და ოჯახურ მოვალეობებზე საერთოდ არ ფიქრობდა.

ისე გავაჩინე და გავზარდე ორი შვილი, არ უზრუნია. ის კი არა, არც კი უფიქრია, რამე თუ გვჭირდებოდა. ერთი სიტყვით, ათი წელი ვიცხოვრე მის ოჯახში და მერე, გავშორდი. გაშორება კიდევ სხვა ისტორიაა, გახსენებაც კი არ მინდა. ისეთები ჩაიდინა, ადამიანურ ქცევაში რომ არ ჯდება. მერე კი მიხვდა, ტყუილად ირჯებოდა და თავი დამანება. ვიღაც გოგოს გადაეკიდა, მასზე გადაიტანა ყურადღება და როგორც ვიცი, მას შემდეგ კიდევ ბევრი გამოიცვალა. შვილებისთვის დღემდე ფორმალურ მამად ითვლება. წელიწადში ორჯერ თუ დაურეკავს და სულ ესაა. გაშორებიდან ხუთ წელში არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი. მართალია, ასაკით ჩემზე ცოტა პატარა, მაგრამ ნამდვილი მამაკაცური თვისებების მქონე. შეგვიყვარდა ერთმანეთი და გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით. მისი ოჯახი სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჩვენი მაინც გავიტანეთ, ჯვარიც დავიწერეთ და ხელიც მოვაწერეთ. სამი წელია, ერთად ვართ და ახლა ვგრძნობ, რას ნიშნავს ქმარი და ოჯახური იდილია. მართალია, დედამთილი დღემდე არ მელაპარაკება და მლანძღავს: ეს ორშვილიანი ქალი, სხვისი ნაცოლარი როგორ მოიყვანა ჩემმა შვილმა, ალბათ, ჯადო გაუკეთა და თვალები დაუბრმავაო. მაგრამ, არ ვაქცევ ყურადღებას. ილაპარაკოს, რა ვქნა. მთავარია, ქმარი ჩემს მხარესაა, მეც და ჩემს შვილებსაც ზედ გვყვება, აღარ იცის, რით გვასიამოვნოს. მამამთილი შედარებით შეგნებული ადამიანი აღმოჩნდა. რამდენიმეჯერ იყო მოსული და ჩვენი დამოკიდებულება რომ ნახა, მიხვდა, მის შვილს როგორ ვუყვარვარ და როგორ მიყვარს. სამჯერ ბინის ქირაც გადაგვიხადა, მის შვილს ფულიც მისცა. ჩემი ქმარი ბევრს მუშაობს, მაგრამ ბინის ქირასა და კვებაში იმდენი მიდის, სახლის ყიდვას ვერ მოვახერხებთ. მე მაღაზიაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ კაპიკებს ვიღებ. ვცდილობ, ცოტა მაინც შევეშველო ქმარს. ვიცი, სანამ დედამისი ცოცხალია, მათ სახლში ვერცერთი ფეხს ვერ შევდგამთ. ამას წინათ ჩემს ქმარს უთხრა მამამისმა: დედაშენმა სოციალურ ქსელში ნახა თქვენი ფოტოები. მითხრა, სილამაზით არ ვიწუნებ, მაგრამ ასაკით დიდი და ორშვილიანი ჩემს შვილს არ შეეფერება. ჰყავდეს სანამ უნდა, მე მათკენ გამხედავი არ ვარ და არც იმის იმედი ჰქონდეთ, რომ მალე მოვკვდები და ჩემს შეძენილ ქონებაში ის ქალბატონი იპარპაშებსო. არ მჭირდება. რამეს ვიზამთ. ბოლოს და ბოლოს, უამრავი ადამიანი ცხოვრობს ქირით და არ მომკვდარან. მთავარია, ერთმანეთი გვიყვარს და სხვას, არაფერს, მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, იმას ვნერვიულობ, რომ შვილი არ მიჩნდება, მაგრამ ქმარი თვითონ მამშვიდებს. ასეთი კაცები, გეფიცებით, იშვიათია. მადლობელი ვარ უფლის, რომ ერთ-ერთი მათგანი მე მარგუნა. პირველ ქმართან გატარებული ჯოჯოხეთური დღეების გახსენებაც აღარ მინდა. ახლა, მართალია, დედამთილისგან დაწუნებული რძალი ვარ და მამამთილიც ცალყბად მელაპარაკება, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთი ქმარი მყავს, ვისაც დავეყრდნობი და ვისი დიდი იმედიც მაქვს.

ლილიკო, 39 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი