მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როგორ მივხვდეთ ჰყავს თუ არა ბავშვს ჭიები და რომელი დაავადება იწვევს ჭარბი ნერწყვის გამოყოფას
2011-01-10
ქეთი დიდებულიძე

ასკარიდა და მახვილა ადრე ჩვენში საკმაოდ გავრცელებული პარაზიტები იყო. დღეისთვის ასკარიდით დასნებოვნების მაჩვენებელმა იკლო, მახვილათი დაავადების შემთხვევები კი ჯერ კიდევ ხშირია. ჰიგიენური პირობების არარსებობისა და სხვათა და სხვათა გამო, მშობლები ექსკრემენტიანი ქილებით პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის სტუმრები ხშირად იყვნენ. რა ხდება ამჟამად, სტატისტიკურად რა გავრცელება აქვს ნაწლავურ პარაზიტებს და გაუმჯობესდა თუ არა ჰიგიენის დაცვის ნორმები, ამის შესატყობად პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგეს, პროფესორ ოთარ ზენაიშვილს ვესაუბრეთ.

– ასკარიდოზი ეს მრგვალი პარაზიტული ჭიებით გამოწვეული დაავადებაა. ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს როგორც მამრი, ასევე მდედრი ასკარიდა. განაყოფიერების შემდეგ ასკარიდას კვერცხი გამოდის გარემოში, სადაც უნდა მომწიფდეს. ამისთვის საჭიროა ოპტიმალური პირობები, განსაკუთრებით სითბო. ამიტომ, გაზაფხულსა და ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, კვერცხი განსაკუთრებით სწრაფად მწიფდება. ზომით პარაზიტი დაახლოებით 10-15 სანტიმეტრია. დედალი ჭია უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე მამრი. ბინადრობს მსხვილ ნაწლავში.

ასკარიდით დასნებოვნება ხდება მომწიფებული კვერცხის გადაყლაპვის გზით. პარაზიტი ორგანიზმში სახლდება და შემდეგ კვერცხიდან გამოჩეკილი ლარვა (მატლი) ორგანიზმში მიგრაციას სხვა ორგანოებში სისხლის მეშვეობით ახდენს. ხვდება ფილტვებში, გულში. ეს მისი ბიოლოგიური თვისებაა. ზრდასრული პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით ერთ წელიწადს ძლებს, შემდეგ კი კვდება და გამოიდევნება ნაწლავიდან. საჭიროა, დროული მკურნალობა, რომ შესაძლო გართულება თავიდან ავიცილოთ.

ასკარიდოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადება იყო, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. ახლა ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების კვალდაკვალ დაავადების მაჩვენებელიც შემცირდა.

– ასეთი შეკითხვა გამიჩნდა, შესაძლოა, ასკარიდოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს?

– როგორ არ შეიძლება. გააჩნია, დაავადება რა ინტენსივობით მიმდინარეობს და რამდენი პარაზიტით არის ორგანიზმი დასნებოვნებული. შესაძლოა, ასობით პარაზიტი ბუდობდეს, შეიძლება, მეტიც. როცა ერთეულებია, მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათი არ არის სახეზე. თუ დიდი ინვაზიაა, განსაკუთრებით ბავშვებში, იწვევს მუცლის ტკივილს, ნერწყვის დენას, ზოგჯერ დიარეითაა გამოხატული. თუმცა, ეს დიარეა არ არის ინფექციური ხასიათის. იშვიათად შეიძლება, ტემპერატურის მატებაც გამოიწვიოს. მოკლედ, თან ახლავს დისპერსიური მოვლენები.

– რა გართულება შეიძლება, გამოიწვიოს ასკარიდოზმა ადამიანის ორგანიზმში?

– ასკარიდა ორგანიზმში მთელ რიგ გართულებებს იწვევს, მათ შორის, ძალიან სერიოზულსაც. შესაძლოა, ამ პარაზიტმა ისე გააღიზიანოს ნაწლავის ლორწოვანი, რომ ნაწლავი შეიკუმშოს და საბოლოოდ გაუვალობა გამოიწვიოს. ერთმა ასკარიდამაც შეიძლება, გაუვალობა წარმოქმნას. ზოგჯერ პარაზიტების მთელი გროვა ნაწლავის სანათურში საცობივით ეცობა და ესეც იწვევს გაუვალობას. მაგრამ, უფრო საშიში გართულება ის არის, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით, ანუ აღმავალი გზით მოძრავმა ახალგაზრდა ასკარიდამ, შესაძლოა, სანაღვლე გზებშიც შეაღწიოს. ეს შემთხვევა ძალიან საშიშია და სამწუხაროდ, ყოველთვის ლეტალობას იწვევს.

– ასეთი შემთხვევა ხშირად გქონიათ?

– არა. საბედნიეროდ, ძალიან იშვიათია. უფრო ხშირია ვერმინოზული, ასკარიდებით გამოწვეული გაუვალობები. განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდა ასკარიდა, რომელიც ძალზე სწრაფად მოძრაობს. ზრდასრული პარაზიტი შედარებით ნაკლები ინტენსივობით გადაადგილდება.

– მკურნალობის კურსი ხანგრძლივია?

– არა, დღესდღეობით ასკარიდოზის მკურნალობა დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს. თანამედროვეობაში საკმაოდ კარგი პრეპარატები გვაქვს ამ დაავადების განსაკურნად. ერთი ან ორდღიანი მკურნალობა სრულიად ათავისუფლებს ორგანიზმს ამ პარაზიტისგან. პრეპარატებს უკუჩვენება ღვიძლის ან სხვა ორგანოების მიმართ ძირითადად არ გააჩნია.

– მხოლოდ ჩაყლაპვის გზით შეიძლება ეს პარაზიტი ორგანიზმში მოხვდეს? რა გზით ხვდება ძირითადად?

– კი. მხოლოდ პირის ღრუდან, ანუ გადაყლაპვის საშუალებით. სამედიცინო ენაზე ამას პერორალური გზა ეწოდება. ძირითადად ხვდება დაბინძურებული მწვანილიდან. მწვანილზე ხშირად არის ხოლმე პარაზიტების კვერცხები, შესაძლოა, გაურეცხავი ხილით და ბოსტნეულითაც, მაგრამ უმეტესად მაინც მწვანილით ხდება დასნებოვნება, ასევე, წყლიდან. წყალშიც არცთუ იშვიათად ხვდება ჭიის კვერცხები.

– მიწიდან?

– მიწიდან ძირითადად ბავშვებს ემართებათ თამაშისას. ბავშვები ჰიგიენის წესებს ვერ იცავენ, ხელებს ვერ იბანენ, ჭუჭყიან ხელს იდებენ პირში. მერე კიდევ ჩვენს სკოლებში რა ხდება? საშინელი საპირფარეშოებია, მოუწყობელი და კიდევ უარესი სანიტარული მდგომარეობაა. საპონი რომ არ იქნება ტუალეტში, რა ჰიგიენაზეა ლაპარაკი?

– სხვა ორგანოებში თუ ხვდება ასკარიდა?

– სხვა ორგანოებში შეიძლება მოხვდეს ცხოველის ასკარიდა. ადამიანის გარდა, ასკარიდა ჰყავს ღორს, ძაღლს, კატას... ცხოველის ასკარიდა ადამიანის ორგანიზმში ზრდასრულ ფაზას ვერ მიაღწევს. მისი ლარვა, ანუ მატლი მიგრირებს და შეიძლება სხვა ორგანოში მოხვდეს, მაგალითად, ფილტვში... ამ დროს სისხლის შემადგენლობა იცვლება, ეოზინოფილების რაოდენობა მატულობს, ვითარდება ტოქსოკაროზი (ძაღლის ასკარიდით გამოწვეული დაავადება), ეს საკმაოდ რთული და შემაწუხებელი დაავადებაა. ადამიანი პარაზიტების მოძრაობას ვერ გრძნობს.

ზოგჯერ რომელიმე სხვა არასპეციალიზებული ლაბორატორია არასწორ დიაგნოზს სვამს, აქ მოდიან და უარს ამბობენ ცალკე ანალიზის გაკეთებაზე. მერე დგინდება, რომ ცდომილებაა. ამიტომ ჯობია, ანალიზი აქ გაკეთდეს, თუმცა მესმის, ეს თანხებთანაა დაკავშირებული.

– მახვილა რა არის?

– ესეც პარაზიტია, ასკარიდაზე მეტად გავრცელებული. ბინადრობს ბრმანაწლავში, მაგრამ შესაძლოა, ჭია ნაწლავშიც, ანუ აპენდიქსშიც ჩაძვრეს. ბევრს ჰგონია, ოპერაციის დროს ბრმანაწლავს კვეთენ, არადა ჭრიან ჭია ნაწლავს, რომელიც ბრმანაწლავზეა მიბმული. მახვილათი დაავადების, ანუ ენტერობიოზის დროს მკვეთრად გამოხატული სიმპტომია უკანა ტანის ქავილი, განსაკუთრებით, საღამოს და ღამით. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ღამე სფინქტერები მოშვებულია და განაყოფიერებული მდედრი გარეთ გამოდის, რომ ნაწლავის ნაოჭში კვერცხი დადოს. მდედრი გამოსვლისას 5 000-დან 10 000-მდე კვერცხს ყრის. კვერცხები თვალით ხილული არ არის. ენტერობიოზი ცოტათი უფრო რთული სამკურნალოა, ვიდრე ასკარიდოზი. მაგრამ, ყველაზე საშიში გართულება ამას ახლავს იმ სახით, რომ მახვილა, შესაძლოა, საშოში შეძვრეს, რამდენადაც იქ მაღალი ტენიანობაა. საშოში პარაზიტი კვდება, სამაგიეროდ, შესაძლოა, სერიოზული ინფექცია შეიტანოს. შემდეგ გოგონებს თეთრად შლა (ეგრეთ წოდებული ვულვოვაგინატი) და ქავილი ეწყებათ. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა ის არის, რომ მტანჯველი ქავილით პატარა გოგონები ადრეული ასაკიდან ონანიზმს ეჩვევიან. ეს ჩვევა კი ძალიან ძნელად მოსაშორებელია. ამიტომ, ყველაზე მეტად ამ სახის გართულების თავიდან არიდებას უნდა ვეცადოთ.

– დაბოლოს, ლამბლიებზე რას გვეტყვით?

– ლამბლიოზი პროტოზოული, ანუ უმარტივესი პარაზიტებით გამოწვეული დაავადებაა. ლამბლიები უმეტესად თორმეტგოჯა ნაწლავში ბუდობენ. ნაწლავის ხაოებზე ბინადრობენ. არსებობს ლამბლიების ვეგეტაციური ფორმა, რომელიც გადაიქცევა ცისტად და გარეთ გამოდის. შემდეგ ეს ცისტა უნდა გადაყლაპოს ადამიანმა, რომ მოხდეს დასნებოვნება.

ისეთი საშიში არაფერია. მინდა, უარვყო საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულება ლამბლიოზური ქოლეცისტიტის არსებობის შესახებ. ეს მცდარი და თან მოძველებული მოსაზრებაა. ლამბლიებს ნაღვლის ბუშტში რა უნდათ? შესაძლოა, მსუბუქი დისპეპსიური მოვლენები გამოიწვიოს, მცირედი ეუზინოფილია, მაგრამ საშიში არაფერია, სწრაფად იკურნება.