მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რა არის ვარიკოზული ვენების წარმოქმნის მთავარი მიზეზები და რატომ იზრდება ამ დაავადებით სიკვდილიანობის რისკი ამ სეზონზე
2013-03-11
ნონა დათეშიძე

ვარიკოზი ვენის სანათურის პათოლოგიური გაგანიერებაა, რომელსაც თან სდევს ვენის დაგრძელება და დაკლაკვნა. ყველაზე ხშირად ვარიკოზული გაგანიერება ფეხის ვენებზე ვითარდება. უმთავრესად ზიანდება დიდი და მცირე კანქვეშა ვენები. ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს. ქალებს ვენების გაგანიერება უფრო მეტად სქესობრივი მომწიფების, ორსულობისა და მენოპაუზის ასაკში ემართებათ. დღეს, ბევრი ადამიანი უჩივის ფეხების დაღლას, შეშუპებასა და ტკივილს. ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ღრმა ვენების უკმარისობა, სწორედ ის დაავადებაა, რომელიც ჯანმრთელობასთან ერთად, ადამიანის გარეგნობაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. როცა გარემო ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, გაგანიერებული ვენები კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. თუ რა დაავადებაა ეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ, ანგიოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ, ბატონ იგორ მიქაძეს. 

– ბატონო იგორ, რა არის მთავარი რისკ-ფაქტორი, რომელიც ვარიკოზული ვენების გაჩენას უწყობს ხელს და რამდენად საშიში დაავადებაა ეს?

– ვარიკოზული ვენების წარმოქმნას საფუძვლად უდევს შეგუბება და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ქვედა კიდურების ვენურ სისტემაში. ეს ძალიან საშიში დაავადებაა და მისი პირველი ნიშნებისთანავე, უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება. ვენები სისხლძარღვებია, რომელსაც პერიფერიული ქსოვილებიდან გულთან გადააქვს სისხლი. ქვედა კიდურებში ვენური სისხლი მხოლოდ ზევით მოძრაობს, სიმძიმის ძალის საპირისპიროდ. სისხლის ასეთი მოძრაობა უზრუნველყოფილია კუნთების შეკუმშვითა და ვენური სარქველებით. თუ ვენური სარქველი ცუდად ფუნქციონირებს, მაშინ სისხლის ნაწილი ისევ ქვევით მიედინება. სისხლის წნევა ვენებში იზრდება, რაც იწვევს ვენების გაფართოებას, მათ დაზიანებას და საბოლოოდ კი, ვენების ვარიკოზული გაგანიერების ჩამოყალიბებას. ვარიკოზის დროს ვენის კედელი განიერდება და დუნდება. მასში ვითარდება დისტროფიული ცვლილებები. ზიანდება ვენების სარქვლოვანი სისტემაც, რომელიც დიდ როლს ასრულებს სისხლის ნაკადის კიდურებიდან გულისკენ გადასროლაში. ვენის სარქველებს ქოლგისებრი ეფექტი აქვს – პერიფერიული ვენებიდან გულისკენ, ქვევიდან ზევით სისხლის დინებისას, ისინი იშლება, სანათურს ახშობს და სისხლს ქვემოთ ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს. როდესაც ვენის კედელი გაგანიერებულია, ხოლო სარქველები – დაზიანებული, სისხლის ნაწილი გულს ვეღარ უბრუნდება და პერიფერიულ ვენურ სისტემაში გუბდება. სისხლის ნაკადის უკუდინებას ეხმარება აგრეთვე წვივის კუნთებიც. ქვედა კიდურებიდან გულისკენ ვენური სისხლის მიწოდება წვივისა და ბარძაყის კუნთების შეკუმშვით ხდება. ამ კუნთების შეკუმშვისას წვივისა და ბარძაყის ვენებზე ზეწოლის გამო სისხლი ქვედა კიდურებიდან გადაიტყორცნება მენჯის ვენებისკენ. სწორედ ამიტომ უწოდებენ წვივის კუნთებს  პერიფერიულ გულს. გარკვეულ როლს თამაშობს აგრეთვე დიაფრაგმის მოძრაობა, მუცლის შიდა წნევა, სისხლძარღვის შიდა ტონუსი. ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ადგილობრივად იმატებს ვენური წნევა, უფრო მეტად – წვივის ქვედა მესამედში, რაც ვენური სარქველების უკმარისობას იწვევს. ამის შედეგად წვივის კუნთების შეკუმშვისას სისხლი ღრმა ვენებიდან დიდი წნევით მიედინება ზედაპირულისკენ. ზედაპირულ ვენებში წნევის მატება მათ გაგანიერებას და შეშუპებას იწვევს. ვენური წნევის ხანგრძლივ მატებას თან სდევს კანის გამაგრება და ლურჯი ლაქების გაჩენა. ეს ამცირებს კაპილარებში სისხლის მიმოქცევას და აჩენს წყლულებს.

– ვინ განეკუთვნება ამ მხრივ რისკის ჯგუფს?

– მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ისინი, ვისაც უმოძრაო ცხოვრების წესი აქვთ. ამ დაავადებით ასევე ხშირად ავადდებიან გარკვეული პროფესიის ადამიანები, მათ შორის: პედაგოგები, გამყიდვლები, მძღოლები, სპორტსმენები, მფრინავები, ქირურგები, პარიკმახერები და ასე შემდეგ, ანუ, ისინი, რომლებსაც დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა უწევთ. თავდაპირველად, როდესაც დაავადება კომპენსირებულია, ავადმყოფები მხოლოდ ვენების გაგანიერებას უჩივიან, რომელიც თავს იჩენს ჯდომისას ან დგომისას – ამ დროს კანზე კლაკნილი ვენები, კვანძები და წნულები ამოიბურცება. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ამას ერთვის სწრაფად დაღლა, სიმძიმის შეგრძნება, სპაზმური ტკივილი წვივის კუნთებში, დაბუჟება და ქვედა კიდურების შეშუპება. შეშუპება შესამჩნევია საღამო ხანს და ფეხზე დიდხანს დგომისას, ხოლო დილისთვის, დასვენების შემდეგ ქრება. დროთა განმავლობაში წვივის ქვედა მესამედში, უფრო მეტად – წვივის შიგნითა ზედაპირზე, ჩნდება ლურჯი ლაქები. კანი ეშვება, შრება, ბრწყინვას იწყებს. ბოლოს ვითარდება ქრონიკული ვენური უკმარისობა და ტროფიკული წყლულები.

– თუ არის ეს გარკვეულწილად, დაკავშირებული საკვებთან?

–  რაც შეეხება კვებას, გეტყვით, რომ ვენებში მიმდინარე პროცესებზე ნამდვილად ახდენს ზეგავლენას კვების რაციონიც. დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმებისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღება, სიგარეტის მოწევა ყველაზე უარყოფითად მოქმედებს ვენურ სისტემაზე. ვინც  საკვებ რაციონში რეგულარულად მოიხმარს მცენარეულ საკვებს, ნაკლებად ავადმყოფობს ვენური თრომბოზით. საკვები უნდა იყოს ვიტამინებით მდიდარი, ამასთანავე, კუჭ-ნაწლავი უნდა მუშაობდეს კარგად. აკონტროლეთ წონა, არ უნდა მიირთვათ დიდი რაოდენობით ტკბილეული, ცომეული, ნამცხვრები, შოკოლადი, ყავა. ასევე, უნდა მოერიდოთ ბევრი სითხის მიღებას. უნდა ჭამოთ დიდი რაოდენობით პომიდორი და კომბოსტო, დალიოთ მწვანე ჩაი. არ გირჩევთ, გამაგრილებელი, გაზიანი სასმელების დალევას. უმჯობესია, ჭამოთ ჩაციებული სეზონური ხილი. ამ დაავადების დროს კარგია ცურვა, მაგრამ არ ვარგა მასაჟების გაკეთება. კიდევ გაფრთხილებთ, რომ სიცხეში ვენები საგრძნობლად ფართოვდება და თრომბის წარმოქმნის საშიშროებაც სწორედ ამიტომ იმატებს. არ გაშინებთ, მაგრამ, შესაბამისად, სიკვდილიანობის საფრთხეც მომატებულია.

– უყურადღებოდ დატოვებული ვენური გაგანიერება შემდგომში რა გართულებებს იწვევს?

– ბევრმა არ იცის, რომ თავის ნებაზე მიტოვებული ვარიკოზული დაავადება, მძიმე გართულებებს იწვევს. მაგალითად, როგორებიცაა: ტროფიკული წყლული, თრომბოფლებიტი, ფილტვების არტერიის თრომბოფლებიტი და ასე შემდეგ. არავის ვაშინებ, მაგრამ ეს ხშირად ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. სხვათა შორის, ვარიკოზული გაგანიერება უფრო ხშირად ქალებში გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ამ პათოლოგიის განვითარებას ხელს უწყობს ფეხმძიმობა და მშობიარობა. 

– ამბობენ, ხშირად, თრომბოზის მიზეზი მომატებული პროთრომბინი ხდებაო. თქვენი, როგორც სპეციალისტის აზრით, არის თუ არა ეს თრომბოზების მიზეზი?

– პროთრომბინის ინდექსი შეიცავს სისხლის შედედების ოთხ ფაქტორს, რომლებიც დამოკიდებულია K ვიტამინის შემცველობაზე. პროთრომბინის ინდექსის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ სისხლის შედედების მეორე ფაზის პროცესები დაჩქარებულია. შესაბამისად, იზრდება თრომბის წარმოქმნის რისკიც. მაგრამ, გეტყვით იმასაც, რომ სისხლის შედედების სხვა ფაქტორებისგან იზოლირებულად, პროთრომბინის მაღალი დონე არ შეიძლება, მოვიაზროთ, როგორც თრომბის წარმოქმნის მთავარი პირობა. თუმცა, აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი შემცირება თავისთავად ამცირებს თრომბის ჩამოყალიბების რისკს. პროთრომბინის ინდექსის ზრდა ხშირად ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების, კიდურებში სიმძიმის, დაბუჟების, კრუნჩხვების მიზეზია. პროთრომბინის ინდექსის შემცირება, წამლების დალევის გარეშე, მეტყველებს ღვიძლის ცუდ მუშაობასა და K ვიტამინის უკმარისობაზე. ავადმყოფებისთვის, სისხლძარღვთა დაავადებით, პროთრომბინის რაოდენობის ცოდნა აუცილებელი და მნიშვნელოვანია ანტიკოაგულანტი პრეპარატებით მკურნალობის დროს, რომლებიც აბრკოლებს სისხლის შედედებას, კერძოდ, ათხელებს სისხლს. 

– ვენური პრობლემები, საგრძნობლად შემაწუხებელი, სწორედ, დათბობის დროს ხდება. რა მოვიმოქმედოთ რომ თავი დავიზღვიოთ და მდგომარეობა შევიმსუბუქოთ?

– სიცხეში ვენა ფართოვდება და იწყება ტკივილი. იზრდება ვენური წნევა, გადადის დაჭიმვა კუნთებზე და ეს იწვევს ტკივილს. სიცხეში ეს პრობლემა საგრძნობლად მწვავდება და შემაწუხებელი ხდება. ამ დროს ბევრი ადამიანი თვითმკურნალობას იწყებს – აფთიაქში ექიმის დანიშნულების გარეშე ყიდულობს წამლებს და იღებს. არადა, ამ დროს მთავარია, დადგინდეს მიზეზი, რადგან ფეხის ტკივილი შესაძლოა, გამოწვეული იყოს მარილების დაგროვებით, არტერიული უკმარისობით, ვენებით, ნერვული ანთებით... ამიტომ, ამას თავად ავადმყოფი ვერასდროს დაადგენს და თვითმკურნალობით კი, მდგომარეობას გაიუარესებს. სულ ვამბობ, არ არსებობს წამალი, რომელიც ერთს რგებს და მეორეს არ ავნებს. ამიტომ, მათი თვითნებური მიღება, ყოვლად დაუშვებელია. თუმცა, ვენოტონიკების უმრავლესობა, თითქმის უსაფრთხოა. რაც შეეხება პროფილაქტიკას, თუ იცით, რომ ვენების უკმარისობა გაქვთ, გირჩევთ, იმოძრაოთ ზომიერად, გააკონტროლოთ საკვების მიღება და მხოლოდ ექიმის დანიშნული მედიკამენტები მიიღოთ. კარგია, თუ შუადღისას, თუნდაც ათი წუთით მაინც წამოწვებით და ფეხებს მაღლა შემოაწყობთ. ყოველ საღამოს გაიკეთეთ გრილი წყლის აბაზანები და გამოიყენეთ სპეციალური შესაზელი ჟელეები. ვარიკოზული დაავადების დროს კი, აუცილებლად ატარეთ სპეციალური ელასტიკური, სამკურნალო წინდები ან დოლბანდი. ეს ყველაზე უსაფრთხო და კარგი პროფილაქტიკაა.