მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ლენინგრადის ერმიტაჟიდან გატაცებული პეტრე პირველის კუთვნილი ბრილიანტი თბილისში აღმოაჩინეს
2012-01-23
ნიკა ლაშაური

 

უცნობი ქალ-ვაჟის გვამები

ხაკისფერმა სამხედრო „ურალმა“ მწვანე „ჟიგულის“ გაასწრო, მაგრამ ახალბედა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სველ ასფალტზე მოსრიალდა, თუჯის ჯებირი გაანგრია და მტკვარში გადავარდა. მძღოლმა კაბინიდან გადმოხტომა მოასწრო, უვნებელი გადარჩა და სხეულზე ერთი განაკაწრიც არ აღმოაჩნდა. „ურალი“ წყალში სანახევროდ ჩაიძირა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გვირაბთან მდებარე პატარა ხიდის ჯებირს გამოედო...

შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა მყვინთავმა წყალში ტროსთან ერთად ჩაყვინთა, რომ ფოლადის კაუჭი „ურალისთვის“ გამოედო. თუმცა, მან მალევე ამოყვინთა და იქვე მდგომ მილიციელებს ასძახა:

– ხიდის ქვეშ ორი გვამია – ქალ-ვაჟის. ფეხებზე გირები აქვთ გამობმული და მესამე თაღის ფსკერთან წვანან...

ქალ-ვაჟის გვამები მილიციის ოპერჯგუფის, პროკურატურის წარმომადგენლობისა და ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით ამოიღეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა კოტე ღვინჯილიამ გარდაცვლილი ქალ-ვაჟის პირველადი დათვალიერება იქვე ჩაატარა და გამომძიებლებს უთხრა:

– ერთმნიშვნელოვნად მკვლელობაა. ჩემი აზრით, კაცი გაგუდულია, ქალს კი კისერი აქვს მოტეხილი. თუმცა, ზუსტ დასკვნას გაკვეთის მერე დავდებ. ახლა კი, მორგში უნდა წავიდე, ამათ გარდა კიდევ ექვსი გვამია გასაკვეთი, „ტრუპები“ მელოდებიან...

უცნობი ქალ-ვაჟის გვამებთან ერთად, ღვინჯილია პროზექტურისკენ გაემართა და მას შემდეგ, რაც სანიტრებმა ცხედრები გააშიშვლეს და წავიდნენ, ღვინჯილიამ დახედა მათ და თქვა:

– ქალი – ბოლოს, ახლა კი ამ მუტრუკს მივხედოთ. ვნახოთ ერთი, რა მიჰქარა.

 კოტე ღვინჯილიამ უცნობი მამაკაცის გვამის გაკვეთა დაიწყო და კუჭი რომ გაჭრა, იქიდან ამოვარდნილმა შუქმა თვალი მოსჭრა.

– ღმერთო ჩემო, რა არის ეს? – თქვა ღვინჯილიამ. შემდეგ გაკვეთილი კუჭიდან ბრჭყვიალა საგანი ამოიღო, ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ სასწრაფოდ გარეცხა, შარვლის ჯიბეში დამალა და გვამის გაკვეთა დაასრულა...

იმავე დღეს, თბილისის საქალაქო პროზექტურაში, მტკვარში აღმოჩენილი გვამების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელსაც გამომძიებელი გია ცეცაძე იძიებდა.

ავლაბრელი ვართანა

გია ცეცაძე მისთვის ჩვეული ენერგიულობით შეუდგა საქმეს და თავის ხელქვეითს, ახალგაზრდა, ნიჭიერ გამომძიებელს, თაზო ქვარცხავას უთხრა:

– სასწრაფოდ დაადგინე ამ გვამების ვინაობა. დარწმუნებული ვარ, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე, ღალატის გამო მოხდა და თავი მომჭერი, თუ ესენი საყვარლები არ იყვნენ.

ქვარცხავამ დაადგინა, რომ გარდაცვლილი ქალი 29 წლის ავლაბრელი, ჟანა ბაბაიანი გახლდათ. ჟანა გათხოვილი იყო 34 წლის ვართან სარქისიანზე, მაგრამ უშვილო გახლდათ. თაზომ კაცის ვინაობაც დაადგინა. ის 35 წლის, ერევნელი ნაბო ტერტერიანი აღმოჩნდა.

– ავთანდილოვიჩ, – უთხრა ქვარცხავამ ცეცაძეს, – ჟანა ბაბაიანი და ნაბო ტერტერიანი ამ სამი კვირის წინ გაუჩინარდნენ. ჟანაზე მისმა ქმარმა მილიციაში განაცხადა და მას ჩვენთან ეძებენ, ხოლო ტერტერიანს – ჩვენი სომეხი კოლეგები.

– მეტი ვერაფერი დაადგინე?

– როგორ არა, – თქვა ქვარცხავამ, – ჟანა და ვართან სარქისიანი თურმე ხშირად ჩხუბობდნენ და როგორც მეზობლებმა მითხრეს, ქალი თურმე სახლიდან წასვლით იმუქრებოდა. ამიტომ, ყველას ჰგონია, რომ ჟანამ ქმარი მიატოვა და სახლიდან გაიქცა. სხვათა შორის, ვართან სარქისიანი ავლაბარში კარგი სახელით სარგებლობს და მიუხედავად იმისა, რომ მძღოლია, საკმაოდ გაგებული კაცის სახელი აქვს. მას შავებიც კი სცემენ პატივს.

– ტაქსისტია?

– არა, – თავი გააქნია ქვარცხავამ, – ვართან სარქისიანი ტრაილერზე მუშაობს, საქალაქთაშორისო გადაზიდვებზე და ხშირად ხანგრძლივადაა სახლიდან წასული. სხვათა შორის, ახლაც რეისშია – ოდესაში გაემგზავრა გუშინ.

– სულ ესაა?

– არა. ახლა ნაბო ტერტერიანზე გეტყვით. ის ერევანშია დაბადებული და გაზრდილი. ორჯერაა ნასამართლევი ქურდობისთვის და საერთო ჯამში, 9 წელი აქვს ციხეში გატარებული.

– ჟანა და ნაბო საიდან იცნობდნენ ერთმანეთს? – იკითხა ცეცაძემ და სიგარეტს მოუკიდა. ქვარცხავამ კი მიუგო:

– სავარაუდოდ, დეიდამისისგან.

– დეიდამისისგან?

– დიახ. ჟანას დედის და ერევანშია გათხოვილი, ხოლ ნაბო ტერტერიანი იმ ქალის ქმრის დისშვილია.

– ყოჩაღ, თაზო, რა ოპერატიულად გაგირკვევია ყველაფერი?! – ცეცაძემ ქვარცხავას მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა, – ტიპური, ბანალური ამბავია. ალბათ, ქალ-ვაჟი ერთმანეთს შეხვდა, სიყვარულობანა მოუნდათ და ჟანამ ქმარს რქები დაადგა. ავლაბრელმა ვართანამ კი ყველაფერი შეიტყო, საყვარლები მოიხელთა და დახოცა.

– მეც მასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ავლაბრელი ვართანა უნდა დავაპატიმროთ.

– აი, ეს კი კარგად უნდა მოვიფიქროთ. სარქისიანმა რომ მკვლელობები არ აღიაროს, მაშინ იძულებული ვიქნებით, გავუშვათ და თავს შევირცხვენთ.

– გამოტყდება. მილიციელები ცოტას წაარტყამენ და ყველაფერს დაფქვავს.

– ჯერ ერთი, მე ყოველგვარი წარტყმა-წამორტყმის მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ ამანაც რომ არ უშველოს და სარქისიანმა არაფერი თქვას? ხუმრობა ხომ არ არის, ორი ადამიანის მკვლელობის აღიარებას მოსთხოვენ. ეს კი უეჭველი დახვრეტაა. სიკვდილს ასე იოლად მოაწერს ხელს?

– აბა, რა უნდა ვქნათ?

– ერთი იდეა მაქვს, – უთხრა ცეცაძემ ქვარცხავას და დაამატა, – ტერტერიანის გვამის დათვალიერებისას, მას არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა. გამორიცხული არ არის, რომ მკვლელობის ადგილზე დარჩა. თუ მკვლელობები ვართან სარქისიანმა ჩაიდინა, მაშინ, მის სახლში შეიძლება მოკლულის საბუთები ვიპოვოთ. ამიტომ, არალეგალური ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ სარქისიანის სახლში და თუკი გაგვიმართლებს, შეიძლება, სარქისიანი ვამხილოთ კიდეც.

გია ცეცაძე და მისი ხელქვეითები ვართან სარქისიანის კერძო სახლში, ყოველგვარი სანქციის გარეშე, არალეგალურად შევიდნენ, საგულდაგულო ჩხრეკა ჩაატარეს და სარდაფში, აგურებს შორის ტერტერიანის საფულე აღმოაჩინეს. იქ მისი პასპორტი, მართვის მოწმობა, 175 მანეთი და პატარა ბლოკნოტი იყო. ბლოკნოტში ძირითადად, ტელეფონის ნომრები და მისამართები ეწერა.

– გაგვიმართლა, – თქვა ცეცაძემ, – მართალია, ეს ყველაფერი უკანონოდ გვაქვს მოპოვებული, მაგრამ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ მკვლელი ვართან სარქისიანია და შეგვიძლია, ავიყვანოთ.

თბილისიდან საგანგებოდ გაგზავნილმა ოპერატიულმა ჯგუფმა ავლაბრელი ვართანა ოდესაში დააპატიმრა და თბილისში ჩამოიყვანეს. თავიდან ის ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, ტერტერიანის საფულე რომ ანახვეს, მკვლელობები აღიარა და თქვა, ცოლი და მისი საყვარელი ეჭვიანობის ნიადაგზე დავხოცეო. ავლაბრელი ვართანა გაასამართლეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ორთაჭალის ციხის სიკვდილმისჯილთა ერთადგილიან საკანში მოათავსეს.

მაგიური ქვა

საქართველოს უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) გამომძიებლის, მაიორ ვანო პატარიძის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. მაიორმა ყურმილი აიღო:

– გისმენთ.

– ვანიჩკა, შენ ხარ? – მოესმა პატარიძეს მამაკაცის ხმა.

– რომელი ხარ?

– მოსე ვარ, კრიხელი.

– მოსე, ძვირფასო, როგორ ხარ, რამ შეგაწუხა, ხომ მშვიდობაა?

– ვანიჩკა, შეგიძლია, შემომიარო?

– ძალიან საჩქაროა?

– თუ ძალიან გადაუდებელი საქმეები არ გაქვს, მაშინ სასურველია, მალე მოხვიდე, მე სახლში ვარ.

– ნახევარ საათში მოვალ, ნახვამდის.

– შეხვედრამდე, – მიუგო პატარიძეს კრიხელმა. შემდეგ ტახტზე მწოლიარე, მძინარე მამაკაცს გადახედა, კედლის საათს შეხედა და ჩაილაპარაკა: „დრო არის... ეს ვაჟკაცი კიდევ ორ საათს იძინებს და ვანიჩკას მოსვლამდე არ გაეღვიძება“.

მოსე კრიხელი ცნობილი თბილისელი იუველირი იყო. მას ბრილიანტების კოლექცია ჰქონდა და ისე იყო ამ საქმით გატაცებული, მთელ თავის შემოსავალს კოლექციის შეგროვებას ახმარდა. მან კიდევ ერთხელ დახედა მძინარეს. შემდეგ კომოდის უჯრიდან ბრჭყვიალა ნივთი ამოიღო, მაგიდაზე დადო, თავად კი სავარძელში მოკალათდა. ჭაღის შუქზე მოკაშკაშე ქვის ელვარებას თვალს ვერ წყვეტდა, თან იმეორებდა: „დიდებულია, მშვენიერი, მსგავსი სილამაზე არსად მინახავს“.

ოთახში ზარის ხმა გაისმა. მოსემ ქვა კომოდში დააბრუნა. შემდეგ კართან მივიდა, გააღო და ზღურბლზე მდგომ მამაკაცს უთხრა:

– ვანიჩკა, ძვირფასო, როგორ ხარ, რამდენი ხანია, არ მინახავხარ!

ახალმოსული ბინაში შევიდა, სავარძელში მოკალათდა და მასპინძელს ჰკითხა:

– ეს ვინ არის?

– ერთი წუთით, ძვირფასო ვანიჩკა, მანდამდეც მივალო. შენ ის მითხარი, საქმეები როგორ მიგდის. ბევრი კონტრაბანდისტი, ფარცოვშიკი და ვალუტჩიკი დაიჭირე?

– როგორც ყოველთვის. შენ რასა იქმ? მიუმატე რამე შენს კოლექციას?

– არა, სამწუხაროდ, არა, ფარა არ არის, თანაც, სად ნახავ ძვირფას ბრილიანტს ჩალის ფასად? რომც ნახო, თქვენს კლანჭებს ვერ წაუხვალ, – მიუგო პატარიძეს კრიხელმა და ჰკითხა, – ვანიჩკა, რა მაინტერესებს, თუ იცი, ამ ორი თვის წინ რომ პეტრე პირველის ბრილიანტი, „მაგიურ ქვად“ წოდებული საოცრება დაიკარგა ერმიტაჟიდან, ამ საქმეზე ახალი ხომ არაფერია? გახსოვს ჩემთან მოხვედი და გამაფრთხილე, თუ სადმე წავაწყდებოდი შენთვის შემეტყობინებინა?

– რა, ხომ არ წააწყდი სადმე? – ირონიულად იკითხა პატარიძემ. კრიხელმა გაუღიმა, კომოდის უჯრიდან ქვა ამოიღო, მაგიდაზე დადო და სტუმარს უთხრა:

– აი, მაგიური ქვაც. სწორედ ეს თხუთმეტკარატიანი ყვითელი ბრილიანტი ეკეთა გულზე რუსეთის იმპერატორს და დარწმუნებული ვარ, ეს საოცრება ახლაც არანაკლებ მოკაშკაშეა.

პატარიძე ისე გაოცდა, რომ სიტყვა ვერ დაძრა და მოკაშკაშე ბრილიანტს მონუსხულივით მიაჩერდა. ბოლოს, როგორც იქნა, თავი დააღწია ამ ჯადოსნური სხივების ტყვეობას და მასპინძელს ჰკითხა:

– საიდან გაჩნდა ეს საოცრება?

– აი, ამ იდიოტმა მომიტანა გუშინ და 2 ათას მანეთად შემომთავაზა. მე მას ქვა დავატოვებინე, დღეისთვის დავიბარე და ვუთხარი, რომ ფასზე ვიფიქრებდი. სინამდვილეში კი, მთელი ღამე ამ საოცრების ცქერით ვტკბებოდი, წამითაც არ მომიხუჭავს თვალი. დილით კი ეს იდიოტი რომ მოვიდა, ვუთხარი, ქვა წაიღე, ძალიან ძვირს აფასებ და მის ყიდვას ვერ შევძლებ-მეთქი.

– აბა, რამდენს გადამიხდიო? – მკითხა ამ იდიოტმა.

– ოთხას, მაქსიმუმ ხუთას მანეთს, – მივუგე მე და ის დამთანხმდა. მე მას ფული ჩავუთვალე. შემდეგ კონიაკი დავლიეთ, ჩვენი შეხვედრის აღსანიშნავად და მას ჩაეძინა. სულ რაღაც ორმოც წუთში გაიღვიძებს.

– თუ გაშმონე?

– არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა. გულის ჯიბეში ხუთმანეთიანი უდევს, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით ჩემ მიერ მიცემულ ხუთას მანეთს.

– რა ჰქვია?

– მითხრა, ვალერიო, მაგრამ შეიძლება, ცრუობდეს.

– მოსე კრიხელთან მძინარე მამაკაცი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, კოტე ღვინჯილია აღმოჩნდა. რომ გაეღვიძა, ხელებზე ხელბორკილები ჰქონდა დადებული. პატარიძემ ჰკითხა:

– საიდან აღმოჩნდა თქვენთან ეს ქვა?

– თქვენ ვინ ხართ? – ჰკითხა შეშინებულმა ღვინჯილიამ პატარიძეს.

– უშიშროების მაიორი ვანო პატარიძე.  ეს ქვა ამ ორი თვის წინ დაიკარგა მუზეუმიდან. მასზე ძებნაა გამოცხადებული და თუკი სიმართლეს არ იტყვით, მაშინ კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებით. იცოდეთ, რამდენიმე მუხლით გასამართლდებით, მათ შორის, ნაქურდალი ნივთის გაყიდვის მუხლითაც...

– ჰმ, კრეტინი, 500 მანეთად მომყიდა ეს საოცრება, როდესაც მისი ფასი, როგორც მინიმუმ, 5 მილიონია, – თქვა კრიხელმა და ჯერ ხელბორკილდადებულს შეხედა, შემდეგ კი ბრილიანტს.

– ხუთი მილიონი? – აღმოხდა ღვინჯილიას.

– რა, ბევრია? – თავი გააქნია კრიხელმა, – მასში ხუთჯერ მეტსაც არ დავიშურებდი. ეს ხომ „მაგიური ქვაა“, რომელიც პეტრე პირველს ეკუთვნოდა.

წაშლილი კვალი

კოტე ღვინჯილია ვანო პატარიძემ „კაგებეში“ მიიყვანა, დაკითხა და გაარკვია, რომ ერმიტაჟიდან გატაცებული ბრილიანტი მან ნაბო ტერტერიანის კუჭიდან ამოიღო გაკვეთის დროს.

კოტე ღვინჯილია ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. პატარიძე კი გია ცეცაძეს დაუკავშირდა და ჟანა ბაბაიანისა და ნაბო ტერტერიანის მკვლელობის საქმის დეტალებს გაეცნო.

– როგორც ეტყობა, ნაბო ტერტერიანმა ბრილიანტი დამალვის მიზნით გადაყლაპა, მაგრამ საინტერესოა, რა ვითარებაში, – უთხრა გია ცეცაძემ მაიორ პატარიძეს, ტერტერიანის ბლოკნოტი გაუწოდა და დაამატა, – აქ ტელეფონის ნომრები, მისამართები და პატარ-პატარა ჩანაწერებია. ინებეთ და იქნებ აქედან გახვიდეთ სასურველ კვალზე.

ტერტერიანის ბლოკნოტის შესწავლის შედეგად, „კაგებე“ ვინმე იური ზალცმანზე გავიდა. ზალცმანი ერმიტაჟის რიგითი თანამშრომელი იყო. თუმცა, ქართველმა „ჩეკისტებმა“ ის ბრილიანტის გატაცებაში ამხილეს და დაკითხვაზე პატარიძემ მას ჰკითხა:

– რა მიზნით გაიტაცეთ ქვა?

– მომწონდა. მისი მზერით ვერ ვძღებოდი და გავიტაცე, – მიუგო ზალცმანმა, – თუმცა ერთ დღეს ჩემს სახლში სამი მძარცველი შემოიჭრა და სხვა ნივთებთან ერთად ეს ქვაც გაიტაცეს.

ზალცმანმა მოკლული ტერტერიანი ამოიცნო გამტაცებლებში. თუმცა, დანარჩენი ორი იმ სურათებში არ აღმოჩნდა, რომლებიც მას „კაგებეში“ აჩვენეს.

– არა მგონია, ზალცმანს პირადი საჭიროებისთვის გაეტაცა ქვა. ეს უფრო შეკვეთას ჰგავს და ის შემკვეთს არ ასახელებს, ხოლო ძარცვა სრულიად შემთხვევით მოხდა და არ მგონია, ტერტერიანის „პაძელნიკების“ დაჭერამ მოჰფინოს ამ საქმეს ნათელი. ნაბომ კი ბრილიანტი „პაძელნიკებს“ მოუტეხა და მისი მონელება ვერ მოასწრო. ერთი სიტყვით, მთავარი ფიგურა და ხელჩასაჭიდი ამ საქმეში ზალცმანია...

იური ზალცმანი ლეფორტოვის ციხეში მოათავსეს ერთადგილიან საკანში. თუმცა, მეორე დღეს დაკითხვაზე მისულ პატარიძეს ის ჩამომხრჩვალი დახვდა... ზალცმანის სიკვდილს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს, ბრილიანტი მოსკოვში, ალმასის ფონდში ჩაკეტეს და საქმე დაიხურა...

P.S. 2000 წელს, რუსულ პრესაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ პეტრეს კუთვნილი ბრილიანტის ერმიტაჟიდან გაუჩინარება მაშინდელი პარტიული ელიტის ყველაზე მაღალი ეშელონის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ანა ბრუტმანის სახელს უკავშირდებოდა. ბრუტმანი გალინა ბრეჟნევას მეგობარი იყო და ცნობილ, უიშვიათეს ბრილიანტებს აგროვებდა. იმავე წყაროს ცნობით, ზალცმანის მკვლელობაც მათი მოწყობილი იყო. ალმასის ფონდიდან კი ბრილიანტი მალევე გაქრა – მისი ადგილი ყალბმა ქვამ დაიკავა, ნამდვილმა კი გალინას კოლექციაში გადაინაცვლა... ეგრეთ წოდებული „მაგიური ქვა“ 1999 წელს ერთ-ერთ კერძო, დახურულ აუქციონზე გაიყიდა 30 მილიონ დოლარად. ის ინკოგნიტო პიროვნებამ იყიდა და მისი კვალი მას შემდეგ გაქრა...