მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ექიმის რჩევები
2011-02-07
კახა ჯანაშია

კითხვა: ჭამის შემდეგ მიჩნდება გულისრევის შეგრძნება, სიმძიმე მუცლის არეში, მებერება მუცელი და მაწუხებს ტკივილი ღვიძლის მიდამოებში. გთხოვთ, მირჩიოთ, რითი ვიმკურნალო? ჩავიტარე გამოკვლევები, მაგრამ უშედეგოდ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: საინტერესოა, რა გამოკვლევები ჩაიტარეთ. როგორი იყო ამ გამოკვლევათა შედეგები და რა პრეპარატებით მკურნალობდით. უნდა ვივარაუდოთ, რომ კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობა გაქვთ და სწორედ ეს იწვევს ჭამის შემდეგ კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნებას. გირჩევთ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც გაერკვევა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.

კითხვა: ვარ 57 წლის. ვატყობ, რომ ზოგჯერ მეხსიერება მღალატობს. გთხოვთ, მირჩიოთ რომელი პროდუქტები და ხილი გამოვიყენო საკვებად?

პასუხი: მეხსიერების გაუმჯობესების მიზნით, გირჩევთ, მიიღოთ თაფლი და კაკალი, რომელიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. არეგულირებს ტვინის სისხლმომარაგებას. აფერხებს ნერვული სისტემის დაბერებას. თქვენს ასაკში სასარგებლოა მეტი ხილი და ბოსტნეული, ნაკლები ცხოველური ცხიმები.

კითხვა: მაქვს ძალიან მშფოთვარე სიზმრები, გაღვიძებული ძალიან ვნერვიულობ და შიში მიპყრობს. რა შეიძლება მეშველოს?

პასუხი: გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობის კურსს. ნერვული სისტემის დამშვიდება უთუოდ მოგიხსნით ამ პრობლემებს.

კითხვა: ვარ 30 წლის. გამუდმებით მაწუხებს თავის ტკივილი, განსაკუთრებით დილაობით. გთხოვთ, მირჩიოთ როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: ჯერ უნდა დადგინდეს თავის ტკივილის მიზეზი. ეს სიმპტომი ახასიათებს: მაღალ ან დაბალ არტერიულ წნევას, შიდა ქალის ოსტეოქონდროზს, ნევროზებს, ანემიებს. სასურველია, გაესინჯოთ გამოცდილ თერაპევტს, რომელიც დაგიდგენთ საჭირო გამოკვლევათა ნუსხას.

კითხვა: ძალიან მაინტერესებს, როგორ შეიძლება, წონაში მოვიმატო. როგორ უნდა ვიკვებო და დღეში რამდენჯერ? ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე მაქვს.

პასუხი: მიირთვით ზომიერად ცხარე, მჟავე, კარგად შენელებული კერძები. გამოიმუშავეთ საუზმის, სადილის, ვახშმის რეჟიმი და ეცადეთ, ერთსა და იმავე დროს მიიღოთ საკვები. რაციონი სრულფასოვანი უნდა იყოს. ზომიერად უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. მიირთვით თითო ჭიქა წითელი ღვინო. საჭმლის კარგად ათვისებას ხელს უწყობს მინერალური წყალი. სვით პოლივიტამინები.

კითხვა: ჩემს 10 წლის ბიჭს პერიოდული სურდო აწუხებს. ერთი დღის განმავლობაში გაგუდულია და ცხვირიდან გამონადენი აქვს, შემდეგ კი 3-4 დღე თავს კარგად გრძნობს. გთხოვთ, ამიხსნათ, ეს რეაქციაა თუ სასუნთქი გზების ანთებითი პროცესი?

პასუხი: უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ხანმოკლე სურდო ალერგიული ხასიათისაა. ალერგენი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს: საკვები, ყვავილები, მატყლი, ბუმბული. გირჩევთ ეწვიოთ ალერგოლოგს, რათა დაადგინოთ ალერგიის კონკრეტული მიზეზი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი