მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რატომ უნდა ჭამოთ დღეში ორი ცალი ვაშლი და დალიოთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო
2009-10-14



სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე სიმსუქნეს იწვევს. ზოგი ექიმი ამტკიცებდა, რომ ზედმეტი ჭამის შედეგად ორგანიზმში გროვდება ცხიმები, რომლის გარკვეული ნაწილი ქოლესტერინად გარდაიქმნება. მაგრამ, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნორმალური წონის ადამიანებში ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთავად ზრდის კილოგრამების მომატების რისკს.

ქოლესტერინის გამოყენებაზე პასუხისმგებელია ღვიძლი. სწორედ მასში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად, რომელიც ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ, ბუნებრივი გზით, გარეთ გამოიყოფა. ეს მექანიზმი ფერხდება, თუ ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი გენი დაზიანებულია. ამ დროს სისხლის შრატში მიმოიქცევა ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხიმიან საკვებს არ ეტანება. აღნიშნული გენის დაზიანებისას ირღვევა ცუდი ქოლესტერინის განდევნა, ხოლო კარგი – ორგანიზმს შეუფერხებლად ტოვებს.

ქოლესტერინის გენის მუშაობის შეფერხება ყველაზე მეტად ქალებში შეინიშნება. კვლევით ისიც დადგინდა, რომ სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე მოზარდ გოგონებში, დაახლოებით, შვიდი-რვა წლის შემდეგ ხდება გასუქების მიზეზი. სხვათა შორის, რაც უფრო დაბალია გოგონა, მით მეტია რისკი. ამიტომ, ტანმორჩილ ბავშვებს დედებმა ხშირად უნდა შეუმოწმონ სისხლში ქოლესტერინის დონე, თუმცა ჯანმრთელი და, ამავდროულად, ახოვანიც რომ იყოთ, აუცილებელია ქოლესტერინის დონის გაკონტროლება. ხშირად მისი მომატების მიზეზი სწორედ კვების ელემენტარული არცოდნაა. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ქოლესტერინის დონეზე გავლენას ცხიმები ახდენს.

ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთი ცხიმებით მდიდარია ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი. რაც ნაკლები იქნება ეს პროდუქტები რაციონში, მით უკეთესი. ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მათ შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის ზეთი, თევზი, ფრინველის უცხიმო ხორცი, ზღვის პროდუქტები, უცხიმო რძის პროდუქტები.

სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს მონო-უჯერი ცხიმები. მათ შეიცავს ზეითუნისა და არაქისის ზეთი, ნიგოზი, ავოკადო. ამ პროდუქტებით მდიდარი დიეტა უფრო სასარგებლოა, ვიდრე მკაცრი, უცხიმო რაციონი. ამიტომ, სასურველია, სხვა ცხიმები ზემოთ ხსენებული ცხიმებით ჩაანაცვლოთ.

მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს. გირჩევთ, მინიმუმამდე შეზღუდოთ კვერცხის მოხმარება, რადგან 1 კვერცხში დაახლოებით 270 მილიგრამი ქოლესტერინია, რაც ადამიანის დღიური ნორმაა. შეგიძლიათ, კვირაში მხოლოდ სამი კვერცხი ჭამოთ ან ცილა მიირთვათ, რადგან ქოლესტერინი მის გულშია.

უცხიმო ხორცის ჭამა ყველაზე სასურველია მათთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურს, ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია. ამ მხრივ, ყველაზე კარგია ვაშლი, ამიტომ დღეში ორი-სამი ცალი ვაშლი უნდა შეჭამოთ.

თაფლი ქოლესტერინთან მებრძოლ იმდენივე ანტიმჟანგავს შეიცავს, რამდენსაც ვაშლი. ერთ ჭიქა წყალში გახსენით ორი სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველდღე. დუღილის დროს ყავაში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამაღლებს. ამიტომ, მოერიდეთ მის ხშირად სმას. საგრძნობლად ზრდის სასარგებლო ქოლესტერინის დონეს ასევე, დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო.

ქოლესტერინის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ ფიზიკური ვარჯიშებიც, რადგან ფიზიკური დატვირთვის დროს სისხლი ინტენსიურად გაივლის ღვიძლს და ცუდი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად გარდაიქმნება.