მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როგორ ვლინდება ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა და კვების რა პრინციპები უნდა დავიცვათ ავიტამინოზის ასაცილებლად
2010-11-03
ერეკლე ასპანიძე


კვების არასწორი რეჟიმიდან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თანამედროვე ადამიანის ორგანიზმი განიცდის აუცილებელი ვიტამინების ნაკლებობას. ჰიპოვიტამინოზები კი, თავის მხრივ, ორგანიზმის ცხოველქმედების მრავალი დარღვევის მიზეზია, უმრავლეს შემთხვევაში კი ვიღებთ რთულად სამკურნალო დაავადებას. პათოლოგიის აღმოფხვრა რთული არ არის, მაგრამ გართულებული ავიტამინოზის გამო, შესაძლებელია, ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები წარიმართოს. ამიტომ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. პრობლემის შესახებ ვესაუბრებით ენდოკრინოლოგ რატი კილაძეს.


– ვიტამინის ნაკლებობის რა ფორმებს განარჩევენ?

– ტერმინი ჰიპოვიტამინოზი გულისხმობს ორგანიზმში ვიტამინის ან ვიტამინების შედარებით ნაკლებობას, ხოლო ტერმინი ავიტამინოზი – ორგანიზმში მის სრულ არარსებობას და აქედან გამომდინარე, ავიტამინოზი ვიტამინების უკმარისობის უფრო რთული ფორმაა. ჰიპოვიტამინოზთან შედარებით, ჭეშმარიტი ავიტამინოზი გაცილებით იშვიათად გვხვდება, განვითარებულ ქვეყნებში კი პრაქტიკულად, აღარ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, ეს ტერმინი ფართოდაა გავრცელებული მოსახლეობაში და ხშირად გამოიყენება როგორც ჰიპოვიტამინოზის, ვიტამინების ნაწილობრივი უკმარისობის სინონიმი. გარდა ჰიპო და ავიტამინოზებისა, განარჩევენ ვიტამინების სუბნორმალურ უკმარისობას, რაც ჰიპოვიტამინოზის განვითარების პრეკლინიკური სტადიაა. ამ დროს ჯერ კიდევ არ ვლინდება ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ აღინიშნება ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების დარღვევები.

– რამ შეიძლება, გამოიწვიოს ვიტამინების ნაკლებობა?

– ვიტამინების ნაკლებობის განვითარება შესაძლებელია, უკავშირდებოდეს რამდენიმე მიზეზს. პირველია ვიტამინების ნაკლებობა დღიურ რაციონში. ძველ დროში ავიტამინოზი ხშირად აღენიშნებოდათ მოგზაურებსა და მეზღვაურებს, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არასრულფასოვან კვებას უკავშირდებოდა. დღესდღეობით ჰიპოვიტამინოზების ძირითადი მიზეზი სწორედ არაბალანსირებული კვება, ერთფეროვანი საკვები და ზოგიერთი ქვეყნის განსაკუთრებული კულინარიული ტრადიციებია. ჰიპოვიტამინოზების გამომწვევი კიდევ ერთი ხშირი მიზეზია ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევა. ეგრეთ წოდებული „მალაბსორბციის სინდრომის“ დროს ირღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან საკვები ნივთიერებების და მათ შორის ვიტამინების შეწოვა, რაც მათი უკმარისობის მიზეზი ხდება. იგივე კლინიკური სურათია ნაწლავური დისბაქტერიოზის დროსაც, რაც ხშირად ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად ვითარდება. ვიტამინების უკმარისობა შესაძლოა, გამოიწვიოს ორგანიზმში ისეთი ნივთიერების მოხვედრამ, რომელსაც მისი საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს და ბლოკავს ბიოლოგიურ ეფექტს.

– როგორ ვლინდება ვიტამინის ნაკლებობა?

– ავიტამინოზი ვლინდება სპეციფიკური სიმპტომებით, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული ვიტამინის ნაკლებობისთვის. ავიტამინოზის დროს ეს სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული, ხოლო ჰიპოვიტამინოზისას, შედარებით მსუბუქად. იზოლირებული ჰიპოვიტამინოზი, ანუ მხოლოდ ერთი ვიტამინის ნაკლებობა, იშვიათად გვხვდება, უფრო ხშირია ჰიპოპოლივიტამინოზები. ასეთ დროს, სპეციფიკურ სიმპტომებთან ერთად, აღინიშნება ზოგადი ნიშნებიც – თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის შემცირება, ადვილად დაღლა, უმადობა და ასე შემდეგ. სპეციფიკური სიმპტომები უკავშირდება იმ ბიოქიმიური პროცესების რღვევას, რომლებშიც ესა თუ ის ვიტამინი კოფერმენტის სახით მონაწილეობს. C ვიტამინის დეფიციტის მიზეზი ძირითადად ახალი ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისად მიღება და ასევე საკვები პროდუქტების ხანგრძლივი თერმული დამუშავება. C ვიტამინის აბსოლუტურ უკმარისობას ცინგა ეწოდება. მას ახასიათებს ორგანიზმში კოლაგენის ბიოსინთეზის დარღვევა და შედეგად სისხლძარღვების კედლების სიმყიფის მომატება, რაც ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლჩაქცევებით სრულდება. სისხლჩაქცევები ხშირად აღინიშნება ღრძილებისა და სახსრების არეში. თუ დეფიციტი განვითარდა ბავშვთა ასაკში, ირღვევა ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ზრდა და განვითარება. B1 ვიტამინის დეფიციტი, ბერი-ბერის დაავადება, ხასიათდება ცენტრალური და ნერვული სისტემის ღრმა დარღვევებით, გულისა და სხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლით. B1 ვიტამინს ორგანიზმის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში ცენტრალური ადგილი უკავია, ამიტომ მის უკმარისობას თან ახლავს უჯრედების ენერგეტიკული შიმშილი. ნერვული სისტემისა და გულის უჯრედები მეტად მგრძნობიარეა B1-ის დეფიციტის მიმართ. B1 ავიტამინოზის მიზეზი არასწორი კვება ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი დაავადებებია, რომლის დროსაც ამ ვიტამინის შეწოვა დარღვეულია. ასეთი ავიტამინოზი ხშირია ალკოჰოლიზმით დაავადებულებში. B2 ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს ტუჩების, კანისა და ლორწოვანი გარსის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (სტომატიტი) და სხვა. ამ ვიტამინის ნაკლებობის ძირითადი მიზეზი რძის პროდუქტების არასაკმარისი გამოყენებაა. PP ვიტამინის დეფიციტი – პელაგრა, ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსის მასიური დაზიანებით, ასევე, დარღვევებით ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მხრივ. პელაგრას დროს კანსა და ლორწოვან გარსზე ჩნდება ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები, ნერვული სისტემის მხრივ აღინიშნება ქრონიკული დაღლილობა, ჰალუცინაციები, დეპრესია. მცირე ასაკის ბავშვებში PP ვიტამინის დეფიციტის ფონზე შესაძლოა, განვითარდეს გონებრივი დარღვევები. B6 ვიტამინის ნაკლებობას თან ახლავს კანისა და ლორწოვანი გარსის სხვადასხვა სახის დაზიანება. ამ ავიტამინოზმა შესაძლოა, ანემიამდეც მიგვიყვანოს. ვიტამინ B12-ის დეფიციტი ვლინდება ანემიით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის განლევითა და პერიფერიული ნერვების დაზიანებით. ამ ავიტამინოზის ყველაზე ხშირი მიზეზია B12 ვიტამინის არასაკმარისად მიღება საკვებთან ერთად ან კუჭის ქრონიკული დაავადებები. ამ ვიტამინის ნაკლებობას იწვევს ასევე ჭიების ზოგიერთი ტიპი. არსებობს B12 ავიტამინოზის მემკვიდრული ფორმაც, რაც დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ კასლის ფაქტორის სინთეზის დარღვევასთან. ფოლიუმის მჟავას დეფიციტს იგივე სიმპტომები ახასიათებს, რაც B12 ავიტამინოზს. ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავას დეფიციტმა შესაძლოა, შეაფერხოს ნაყოფის განვითარება. A ვიტამინის დეფიციტი ვლინდება მხედველობის დარღვევით, კერძოდ, ქათმის სიბრმავით, რაც ღამით მხედველობის გაუარესებას გულისხმობს. აგრეთვე, კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით, რადგან A ვიტამინი მონაწილეობს რეგენერაციულ პროცესებში. A ავიტამინოზი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არასაკმარისად იღებს ცხოველურ პროდუქტებს ან იმ ბოსტნეულს, რომლებიც ბეტა-კაროტინს, A ვიტამინის წინამორბედს შეიცავს. D ვიტამინის დეფიციტი, რაქიტი, მძიმე დაავადებაა, რომელიც ვლინდება ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნის შეფერხებით და ნერვული სისტემის სხვადასხვა დარღვევით. ორგანიზმში D ვიტამინი მონაწილეობს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვისა და ძვლებში ჩალაგების პროცესში. D ვიტამინის ნაკლებობას თან ახლავს სისხლში კალციუმის კონცენტრაციის შემცირება და ძვლების დეფორმაცია. E ვიტამინის დეფიციტი იწვევს ორგანიზმში აღდგენითი პროცესების რღვევას და ნაადრევ სიბერეს. K ვიტამინის დეფიციტი ვლინდება ჰემორაგიული სინდრომით, სისხლდენით ორგანოებსა და ქსოვილებში.

– როგორ უნდა მოიქცეს ვიტამინის ნაკლებობის მქონე ადამიანი?

– ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. როგორც გაირკვა, ჰიპო და ავიტამინოზების უმრავლესობა ვითარდება არასწორი კვების გამო. იზოლირებულად რომელიმე ვიტამინის უკმარისობა, იშვიათად გვხვდება. როგორც წესი, კვების დარღვევის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს, ერთბაშად რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობა ვითარდება. ვიტამინების ნაკლებობის დიაგნოსტიკა ძირითადად სიმპტომებზე დაყრდნობით ხდება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სპეციფიკურია. ვიტამინების დეფიციტის უსიმპტომო ფორმების შემთხვევაში, ადგენენ ვიტამინების კონცენტრაციას ორგანიზმში სხვადასხვა ტესტის მეშვეობით. ავიტამინოზის დროული აღმოჩენა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.