მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რა არის სვანეთში ყველაზე დიდი ცოდვა და როგორია სვანური მხილების ტრადიცია
2010-08-11
ნათია ლებანიძე


მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეა და როგორც ამბობენ, ბევრი ჩვენგანი ევროპელობისა თუ ამერიკანიზაციისკენ მიისწრაფვის, ქართველები მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც, ვინარჩუნებთ იმ ძირძველ ადათ-წესებს, საქართველოს თითოეული კუთხისთვის რომ იყო დამახასიათებელი. როდესაც ტრადიციებზე ვლაპარაკობთ, შეუძლებელია, სვანეთს გვერდი ავუაროთ. სვანურ ტრადიციებზე სასაუბროდ კი ცხადია, ძირძველი სვანი მოვიწვიეთ და ეს გახლავთ პოეტი ერეკლე საღლიანი.



ერეკლე საღლიანი: ტრადიციას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ, ესაა საუკუნეების განმავლობაში მიღებული გამოცდილება, რომელიც დროთა დინებამ ჩამოაყალიბა, დახვეწა. ტრადიცია მარად მდინარი რამაა, რომელიც სხვადასხვა დროსა და გარემოებაში განახლებულ სახეს იღებს, წინ მიდის, ვითარდება. ოღონდ, მისი სახეცვლილება უნდა მოხდეს ძველის ხარჯზე. როცა საუბარია იმაზე, გარდაქმნა ის და რაღაც ახალი წარმოაჩინო, ამის მომხრე არ ვარ. რა უნდა შექმნა ისეთი, რომელიც გადაამეტებს საუკუნეების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას? ამიტომ ფერფლიდან ნაცარი კი არა, ნაღვერდალი უნდა გამოვიტანოთ, რომლის საფუძველზეც შემდგომ ცეცხლი დაინთება. დღეს რა ხდება? სიახლეებისადმი ამგვარი სიყვარული მომდინარეობს სწორედ თავგზააბნეული ადამიანის ფსიქიკიდან, რომელმაც არ იცის, რა გააკეთოს, და რჩება ერთადერთი გზა, ანგრიოს ის, რამაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა. ტრაგედიად მეჩვენება არა ის, რომ ევროპული კულტურიდან იმის მიღებას კი არ ვცდილობთ, რაც ფასეულია, არამედ, რაც ყველაზე გაუფასურებულია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩინეთის კედელი ამოვაშენოთ ჩვენსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, იზოლაციაში მოვაქციოთ ჩვენი თავი, ამას არ ვისურვებდი. ნამდვილად უნდა ვვითარდებოდეთ, ვიძენდეთ ახალს, ოღონდ სწორი მიმართულებით.

– რადგან წესებსა და ტრადიციებზე ვსაუბრობთ, არ მინდა, გვერდი ავუაროთ სვანურ ტრადიციებს, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, არაჰუმანური იყო.

– გულისხმობთ, ალბათ, სისხლის აღების წესს, ამ საკითხს ბევრი ცალმხრივად უდგება. როგორ, რა სახით ხდებოდა ეს, ამის თაობაზე ზედაპირული დასკვნები კეთდება. სინამდვილეში, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს, საოცარი კანონებია. სხვათა შორის, ის წესები სვანეთში შემორჩა, თორემ ადრე მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. მაგალითად, თუ სვანეთში მმართველობის მახვშური პრინციპი არსებობდა, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში იყო ხევისბერული მმართველობა. მოდით, ავხსნათ, რა ხდებოდა სისხლის აღების დროს. როცა მოხდებოდა დანაშაული, შეიკრიბებოდნენ მედიატორები და გაარჩევდნენ – იმსახურებდა თუ არა მოკლული სიკვდილს. თუმცა, ხომ შეიძლება, დამეშავებინა რამე და მერე მისი გამოსყიდვა მდომებოდა? ღირსეული ვაჟკაცები იმ მომენტში დამნაშავეს არაფერს ეუბნებოდნენ და დილით ოჯახში ადგებოდნენ თავზე. თუ ეს კაცი სინანულს მიეცემოდა და აღიარებდა, რომ გუშინ დავაშავეო, მაშინ მას აღარ ექცეოდნენ მკაცრად. მინდა ერთი შემთხვევა გიამბოთ, სვანეთში ერთ კაცს იარაღი გაუვარდა, რასაც მეორე კაცის სიცოცხლე შეეწირა. მას უთხრეს, ადექი და წადი აქედანო. ის კაცი სამეგრელოში დასახლდა. ისე ნანობდა თავის საქციელს, მით უმეტეს, განგებ არ ჩაუდენია, რომ თვითგვემას მიეცა – მკერდზე უზარმაზარ ლოდებს იკიდებდა, აწამა თავისი თავი. გაიგო ეს ამბავი მოკლულის მხარემ და 20 წლის მერე ჩავიდნენ მასთან და უთხრეს: დაბრუნდი შენს მიწაზე, აღარაფერს გერჩითო.

– მაინც რა შემთხვევაში ისჯებოდა კაცი სიკვდილით?

– კაცს უნდა ჩაედინა ამაზრზენი დანაშაული, რომ სიკვდილით დაესაჯათ იგი. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომ ქმარმა თავის ცოლთან შეუსწრო უცხო კაცს და მოკლა ის კაცი. მაგრამ, მოკლულის ძმებმა სისხლი არ აიღეს, სინანულში ჩავარდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მათი ძმა დამნაშავე იყო. მოღალატე ცოლი დაჭრა ქმარმა, მერე კი თემიდან მოკვეთეს ის. დიდ სირცხვილად ითვლებოდა სვანეთში ქალის მოკვლა, რადგან მასზე ხელის აღმართვა მიუღებელი იყო უკიდურესი შემთხვევების გარდა. არ გეგონოთ, რომ მე კაცის მოკვლის მომხრე ვიყო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ღირსებას გილახავენ, ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა უნდა იყოს? მკვლელობა რომ ხდებოდა, დაზარალებულის მხარე ორი თვის განმავლობაში იარაღს არ ჰკიდებდა ხელს. საქმეს მიანდობდნენ მკვლელის ოჯახის წევრებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ისინი. დაზარალებულის მხარე შეიკრიბებოდა და ეტყოდნენ მკვლელს, რომ იქაურობა დაეტოვებინა. კაცი რომ იქაურობას ტოვებდა, მოსისხლე უკან არ მისდევდა, იმიტომ რომ მამაპაპისეული კერის დატოვება ისედაც სიკვდილთან იყო გათანაბრებული. სისხლის აღება ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სიტუაციაზე რეაგირებას არ მოახდენდნენ დამნაშავის ოჯახის წევრები.

– უკვე განაცხადეთ, რომ ქალის მოკვლა სვანეთში დიდ სირცხვილად ითვლებოდაო, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობდა, ალბათ...

– სვანეთში ოჯახის კულტი იყო, მისი დანგრევა წარმოუდგენელი რამ გახლდათ, თუ კაცი ამ ტრადიციას უგულებელყოფდა, ოჯახს მაინც დაანგრევდა, მას გვერდით არავინ ისვამდა. ის უღირსი კაცი იყო ყველას თვალში. ჩვენში სამი რამ ითვლება ყველაზე დიდ ცოდვად – მამულის გამომხვრელობა, ანუ მოღალატეობა, ხატის წამბილწველობა და ცოლის წამგვრელობა, როცა სხვას წაართმევდი ცოლს და დაისვამდი სახლში. რაც შეეხება მეძავი ქალის ბედს, ის ქმრის ოჯახში ვერ გაჩერდებოდა, ყოფილა ცალკეული შემთხვევები, როცა მოღალატე ქალი ქმარს მოუკლავს, უფრო ხშირად კი მისი თემიდან მოკვეთა ხდებოდა.

– რა შემთხვევაში ხდებოდა ხატზე დაფიცება და რა ბედი ელოდა ფიცის გამტეხ კაცს?

– ხატზე დაფიცება ხდებოდა მაშინ, როცა გაურკვეველი საქმე იყო. დამნაშავე შეიძლება ყოფილიყო შუბლძარღვგაწყვეტილი, როცა მოსისხლე მტრების შერიგება ხდებოდა. მაგრამ, როცა გავდივარ ხატზე და ვიფიცებ, როგორც თქვენ მომიტევეთ, მეც ისე მოგიტევებდითო, დამნაშავე როცა სინანულს მიეცემოდა, მას დანაშაული აღარ მოეკითხებოდა. ეს კათარზისის ვეებერთელა გზაა. სვანეთში თემის უხუცესს გამოჰქონდა განაჩენი, მანამდე კი შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი და ბჭობდა, რა გადაწყვეტილება მიეღოთ ამა თუ იმ ფაქტზე. თემის შემადგენლობაში ისეთი კაცები შედიოდნენ, რომლებსაც სიტყვა ეთქმოდათ, სოფელში გავლენა ჰქონდათ. საქმის წარმოებაში მედიატორებს ენიჭებოდათ დიდი როლი. ისინი გენიოსები იყვნენ. მართალია, კლასიკური არა, მაგრამ სულიერი განათლება ჰქონდათ. ჩვენ გვაქვს წიგნიერი განათლება, მედიატორები კი იყვნენ უფლისგან განათლებული ადამიანები უდიდესი გამოცდილებით. როცა წესი და ადათი ირღვევა, ყველაფერი ნებადართულია, უმართავი სიტუაცია იქმნება. საბჭოთა ხელისუფლების დროს ებრძოდნენ ჩვენს წესებსა და კანონებს, მაშინ მედიატორმა უთხრა მოსამართლეს, ჩემი გასამართლებული კაცი შენთან არავინ მოსულა, ხოლო შენი გასამართლებული კი ათასი კაცი მოსულა ჩემთანო. ის კანონი, რომელიც ხატზე და ჯვარზეა დაფუძნებული, უფრო მყარია, ვიდრე რომელიმე მშრალი და ზოგჯერ ფუჭი სახელმწიფო კანონი. სახელმწიფო კანონების საფუძველზე ადამიანი პასუხისმგებელია სახელმწიფოს წინაშე, ხოლო ხალხური სამართლისა და წესების საფეძველზე იგი ღმერთის წინაშეა პასუხისმგებელი.

– ახლა რომელი კანონია სვანეთში შემორჩენილი და ხომ არ მოქმედებს ახლად შემოღებული რამე კანონი?

– ახლა სვანეთში არის შემორჩენილი კანონები, თუმცა ძველ დროში უფრო კანონობდა ის, ვიდრე დღეს. ძველ წესსა და კანონს უნდა შეეფარდოს ის დიდი გამოცდილება, რაც კაცობრიობამ დააგროვა ამ ხნის განმავლობაში. ძველი კანონები კი არ უნდა გავყინოთ, მოქმედებაში უნდა მოვიყვანოთ. პირადად ჩემთვის მისაღებია ის დიდი შინაგანი ერთიანობა, რომელიც საზოგადოებას ადრე ჰქონდა.

– დღევანდელი გადასახედიდან თუ დაგინახავთ ძველი კანონების ნაკლოვანება, რა იყო მასში მიუღებელი და შესაცვლელი?

– მე ძველი კანონები მომწონდა, რადგან ის სამართლიანი იყო. რაც სულს არგებს და მისთვის სიკეთე მოაქვს, ყველაფერი ქრისტიანულია ჩემთვის. უფრო აქტიური იყო იმდროინდელი საზოგადოება, მეტად ადარდებდა სოფლის, თემის თუ ქვეყნის საწუხარი. მეთერთმეტე საუკუნეში უცნობმა სვანმა მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში განთავსებულ ხატზე ასეთი წარწერა ამოჭრა – „უფალო, ადიდე ერთობილი ბაგრატოვანნი, ერთობილი საქართველო და ერთობილი ხევი სვანეთისა“. ხედავთ, როგორ აზროვნებდნენ იმდროინდელი ადამიანები? ეს იმიტომ, რომ მამაპაპური წესები მათ სხვაგვარი მოქმედების საშუალებას არ აძლევდა. ახლა კარგი არაფერი ხდება, ცუდი კი, სამწუხაროდ, ბევრია. ადრე უვარგისი კაცი სოფლის სირცხვილი იყო და თემი ცდილობდა, ის თავისი წიაღიდან განედევნა. დღეს კი უვარგისი კაცი თემის მფარველი გახდა. აი, ცვლილებები ამაში გახლავთ. თემიდან მოკვეთა მაშინაც ხდებოდა და ახლაც ხდება, როცა საშინელ დანაშაულთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, დღეს ბევრი რამ აღრეულია ერთმანეთში და ქაოსი მძვინვარებს. მძიმე სოციალური პირობების გამო კაცი კარგავს თავის ფუნქციას და ქალი იძულებულია, პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს, ოჯახი არჩინოს და უფროსიც ის გახდეს. ეს სავალალო მდგომარეობა ცხოვრების წესის შეცვლამ განაპირობა – შემოვიდა სხვა ფასეულობები. ნამდვილად მწყდება გული, რომ აღარაა ძველი კანონები. ახლა კაცი რომ კაცს კლავს, ამაზე პასუხს არავინ სთხოვს და ეს მართლაც შემაშფოთებელია.