მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ექიმის რჩევები
2010-07-21
ნონა დათეშიძე


კითხვა: მართალია თუ არა, რომ საშვილოსნოს მიომა აუცილებლად გადაიზრდება კიბოში?

პასუხი: თავად მიომა სიმსივნეში არ გადაიზრდება, მაგრამ, მის ნიღაბქვეშ, შეიძლება, ავთვისებიანი წარმონაქმნი იმალებოდეს. თუ მიომა იზრდება და ეს კვანძი, ან მთლიანად საშვილოსნო სწრაფად იწყებს გადიდებას, ავადმყოფს ოპერაციას უკეთებენ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა წარმონაქმნი კეთილთვისებიანია. სწრაფი ზრდა ყოველთვის სახიფათოა სარკომის საშიშროების გამო, რადგან მიომა საშვილოსნოს კუნთის დაავადებაა, ხოლო კუნთიდან ანალიზის აღება ძნელია.

კითხვა: ფიზიკური შრომის შემდეგ, ტუჩებზე ნადები მიჩნდება, პირში კი – უსიამოვნო სუნის მქონე ლორწო. რით შეიძლება ეს აიხსნას?

პასუხი: საფიქრალია, რომ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი ან სტომატოლოგიური პათოლოგია გაქვთ. ფიზიკური მუშაობისას ორგანიზმი სითხეს ინტენსიურად კარგავს, ამის შედეგად, ანთებითი სეკრეტი, რომელიც პირის ღრუში ქრონიკულად გაქვთ, სქელდება და მისი შემადგენელი კომპონენტები ნადების სახით ტუჩებზე გამოიყოფა. გირჩევთ, სტომატოლოგს მიმართოთ. თუ სტომატოლოგიური პათოლოგია არ აღმოგაჩნდებათ, მაშინ ეს სიმპტომები, შეიძლება, გასტროენტეროლოგიური ცვლილებების ბრალი იყოს.

კითხვა: ვარ 70 წლის. მაქვს ბრონქული ასთმა. ნაღვლის ბუშტში მაქვს 2 სანტიმეტრი სიდიდის კენჭი. გთხოვთ, ამიხსნათ, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ხმაური თავში?

პასუხი: არც ბრონქული ასთმა და არც ნაღველკენჭოვანი დაავადება არ გახლავთ თავში ხმაურის მიზეზი. ამ სიმპტომზე თქვენს ასაკში ასეთი ჩივილი უნდა უკავშირდებოდეს თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზსა და კისრის ოსტეოქონდროზს, თუმცა, არც ოტიტი ან ანემია გახლავთ გამორიცხული. გირჩევთ მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც გამორიცხავს ან დაადასტურებს ნევროლოგიურ პათოლოგიებს.

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ: სიმაღლით 156 სანტიმეტრი ვარ, ჩემი შეყვარებული კი – 198 სანტიმეტრი. დაქორწინების შემთხვევაში, შემექმნება თუ არა პრობლემები სექსის დროს?

პასუხი: თუ პარტნიორები ფიზიკური მონაცემებით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან, სქესობრივი კავშირის დროს ამან შესაძლოა, ერთგვარი დისკომფორტი შეუქმნათ, განსაკუთრებით – პირველ ხანებში, ვიდრე ერთმანეთს შეეგუებიან, თუმცა, ეს არ გახლავთ სერიოზული დაბრკოლება ქორწინებისთვის.

კითხვა: ვარ 25 წლის. 5 წელია მაწუხებს კუჭ-ნაწლავის სპაზმები და გაზების დაგროვება. მეწყება ბოყინი, რომელიც სლოკინში გადადის. კუჭის ყელთან მაქვს სიცივის შეგრძნება. ნო-შპა, ნახშირი და ასეთი წამლები არ მშველის. ძალიან გთხოვთ, მირჩიოთ ისეთი პრეპარატი, რომელიც კუჭის ყელთან და კუჭ-ნაწლავში სპაზმებს მომიხსნის. რა შეიძლება იწვევდეს ასეთ მდგომარეობას?

პასუხი: როგორც ჩანს, დარღვეული გაქვთ საჭმლის მონელების პროცესი. გაღიზიანებულია კუჭ-ნაწლავი, კუჭის ყელთან სიცივის შეგრძნება კი უნდა მეტყველებდეს ეზოფაგიტზე, რასაც კუჭიდან საყლაპავში გადასული საკვები და კუჭის წვენი იწვევს. ნო-შპა და ნახშირი ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა, ესე იგი, ეს წამლები მხოლოდ მოცემულ შემთხვევაში არსებულ ჩივილებს მოგიხსნით, დაავადების მიზეზზე კი არ იმოქმედებს. იმისთვის, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღოს, სათანადო გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ და დიაგნოზი დააზუსტოთ. გირჩევთ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც, გასინჯვისა და გამოკვლევათა პასუხების საფუძველზე, კონკრეტულ პრეპარატებს დაგინიშნავთ.

კითხვა: რა არის მენინგიომა და აუცილებელია თუ არა მის სამკურნალოდ ოპერაციული მეთოდის გამოყენება?

პასუხი: მენინგიომა ტვინის გარსების სიმსივნეა. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, წამლებით მისგან განკურნება შეუძლებელია, ამიტომ, მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია.

კითხვა: ვარ 20 წლის. მაწუხებს დაბალი წნევა – 90X50. ამ ბოლო დროს გულის წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 40 მილიმეტრამდე დაეცა. დამეწყო საშინელი თავის ტკივილი. აქამდე თავს ყავით ვშველოდი. მივიღე კორდიამინის წვეთები და კოფეინი, მაგრამ უშედეგოდ. კოფეინმა მხოლოდ გული ამიჩქარა. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ დავაღწიო თავი ამ მდგომარეობას.

პასუხი: დაბალი არტერიული წნევა ახასიათებთ უმეტესად ასთენიურ ტიპებს. ეს მათი კონსტიტუციური თავისებურებაა და არა პათოლოგია. როგორც პათოლოგიური სიმპტომი, ჰიპერტონია აღინიშნება მრავალი მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადების, ანემიების, გულის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. ახლა საკმაოდაა გახშირებული ანემიებსა და ავიტამინოზებთან დაკავშირებული ჰიპოტონია. ამიტომ გირჩევთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი.

რაც შეეხება კოფეინსა და კორდიამინს, ამ პრეპარატებს მართლაც აქვს წნევის ამწევი ეფექტი. თუ გულისცემის სიხშირე ნორმალურია, გირჩევთ კორდიამინის წვეთები დალიოთ, რადგან იგი ნაკლებად იწვევს ტაქიკარდიას, ხოლო კოფეინი, წნევის აწევასთან ერთად, აჩქარებს გულისცემას, რაც ადამიანში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ამგვარი მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია და დროებით შედეგს იძლევა. ჯერ ჰიპოტონიის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოთ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია