მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როგორ გამოიყვანეს აფხაზებმა საშიში ზონიდან ავთო იოსელიანის ცოლ-შვილი და ვინ მიათრევდა ზღვაში ფეხით ნინო იოსელიანს
2010-06-03
ეკა პატარაია


თბილისში ერთი ოჯახი ცხოვრობს, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ მაშინ მოექცა, როცა ოჯახის უფროსი აფხაზეთში შექმნილ ვითარებას სოხუმიდან ზვერავდა. გენერალი, უშიშროების დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ იოსელიანი, მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, მაინც ახერხებდა ცოლ-შვილთან თბილი და ყურადღებიანი დარჩენილიყო. სამი ქალიშვილის მამა ბიჭზე იქამდე ოცნებობდა, სანამ ქალიშვილების მამობის ბედნიერებას და მათგან დიდ მზრუნველობას ბოლომდე შეიგრძნობდა. შევეცდები, მამა-შვილი – ავთო და ნინო იოსელიანების ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები თქვენს წარმოსახვამდე შთამბეჭდავად მოვიტანო.

ქალბატონი მარინა (ავთოს მეუღლე): ნინო 16 წლის იყო, ამერიკაში რომ წავიდა, ბოსტონში, მარიანაპოლისის სკოლაში სასწავლებლად. უმაღლესი სასწავლებელი პარიზში დაამთავრა. აქ, 24-ე სკოლაში სწავლობდა და ისეთი ცელქი იყო, მშობელთა კრებაზე ბიჭის კი არა, ჩვენ – გოგოს მშობლებს გვიბარებდნენ. კომუნისტური წყობის ბოლო პერიოდში მოუწია სწავლა და ბუნებრივია, მთელი სიმკაცრით ითხოვდნენ, ბავშვებს ფორმები სცმოდათ და გოგონებს თავზე ბაფთები კეთებოდათ. ნინო ამაზე პროტესტს გამოთქვამდა. საღებავი იყიდა და თმა შეიღება. მასწავლებლებს ლამის ტვინში სისხლი ჩაექცათ. ცალკე დედაჩემი გადაირია კინაღამ, იმ სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგე იყო. ატყდა სახლში რეკვები და ამბები. რა თქმა უნდა, მეორე დღეს თავი ჩამოვბანეთ, მაგრამ ყოველ თავის დაბანაზე თმა სხვადასხვა ფერის ხდებოდა. სპეციალური რკინის თმის სახვევი ჰქონდა, გაზზე აცხელებდა და თმას იხვევდა, ასე დადიოდა სკოლაში.

ნინო (ავთოს უფროსი ქალიშვილი): მინდა, ამერიკაში სწავლების პერიოდი გავიხსენო, რაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საერთო საცხოვრებელში გოგონები ცალკე ვცხოვრობდით, ბიჭები – ცალკე. კარგად უნდა გესწავლა, რომ შაბათ-კვირას სადმე წასულიყავი. ქალაქგარეთ, ჩაკეტილ ზონაში ვიყავით და ცოტა განტვირთვა გვჭირდებოდა, წინა დღით ყველას თავისი საცხოვრებელი ოთახი უნდა დაელაგებინა. მცოცავი გრაფიკი გვქონდა. ერთ დღეს სააბაზანო ოთახს სხვა ალაგებდა, მისაღებ ოთახს – სხვა. მე არ ვიყავი მიჩვეული, რომ აბაზანა-ტუალეტი მეხეხა. ამისთვის ხომ დამლაგებელი არსებობდა. ცხადია, არ მინდოდა დამლაგებლად ვქცეულიყავი, მაგრამ რეალურად ეს რომ არ გაგეკეთებინა, ბევრ რაღაცაში შევიზღუდებოდი. შესაბამისად, დამოუკიდებლად ცხოვრებას და ასეთ დისციპლინას იქ მივეჩვიე (ნინო თბილისში „შარდენ-ბარის“ მეპატრონეა – ავტორი).

ერთი შემთხვევა იყო, ქობულეთში ვისვენებდით. ზღვაში შევედი გასაბერი ლეიბით. ბიჭები წყლის ველოსიპედით ცურავდნენ. უცებ ვიღაცამ ფეხში ხელი მომკიდა და ამიყვანა. რას აკეთებ, ვინ ხარ-მეთქი, დავუყვირე. დედაჩემი სანაპიროდან ხედავდა ამ ყველაფერს, მაგრამ ვერ გაარკვია, რას ვაკეთებდი. ხედავდა, რომ ლეიბიდან სადღაც ავფოფხდი. სასტუმრო „ივერიაში“ ვისვენებდით სამჯერადი კვებით. დედაჩემი ხელით მანიშნებს, სადილზე გვაგვიანდებაო. გადმოვხტი წყლის ველოსიპედიდან და ისინი კი უკან მომყვებიან. დედაჩემი კინაღამ გაგიჟდა, რა გინდათ, გაანებეთ ჩემს შვილს თავიო. მამაჩემი ყოველთვის მაღალ თანამდებობაზე იყო. იცოდნენ, ვისი შვილიც ვიყავი და ამიტომაც ასეთ რაღაცეებს ვერ მიბედავდნენ.

– ქალბატონო მარინა, მოგვიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და ბატონმა ავთომ?

– მე და ავთო მეზობლები ვიყავით. მესამე კლასში ვსწავლობდი, როცა ჩვენი ოჯახი მოსკოვიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ავთოს ორი ძმა ჰყავდა. ურთიერთობა მის უფროს ძმასთან უფრო მქონდა, ვიდრე დანარჩენებთან სამედიცინოზე რომ ჩავაბარე, იმ დროს ჩემი მაზლი უკვე ამთავრებდა სამედიცინოს. ავთომ რომ უმაღლესი დაამთავრა, მინსკში წავიდა. მაშინ უკვე მესამე კურსზე ვიყავი. როცა ჩამოვიდა, ორივემ სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს. უცებ გადავწყვიტეთ და ხელი მოვაწერეთ. ჯერ მის სახლში ვცხოვრობდით, მერე რკინიგზის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა და რკინიგზელთა სახლში მისცეს ბინა. ერთად სულ ოცდაათი წელი ვიცხოვრეთ.

– სამი გოგო მშობლებისთვის უფლისგან დიდი საჩუქარია, მაგრამ ბატონი ავთო, ალბათ, ბიჭზე მაინც ოცნებობდა.

– გულით უნდოდა ბიჭი, მაგრამ მერე, წლები რომ გავიდა, ორივე მივხვდით, ჩვენს გოგონებს არანაირ ბიჭში არ გავცვლიდით. ზედმეტად თბილი ადამიანი იყო. არ მგონია, ასეთი მამა ბევრი იყოს. მართალია, აგიჟებდნენ – სამი გოგოს მამობა იოლი არ იყო, მაგრამ მზე და მთვარე ამოსდიოდა მათზე. ამათი ყოველი წასვლა-წამოსვლა პრობლემა იყო. მარინა, სად არიან ბავშვები? – მეკითხებოდა სულ. ესენი ჩუმად შემოძვრებოდნენ სახლში და დაწვებოდნენ. ავთო დაიწყებდა მობილურზე რეკვას, ესენი კი პასუხობდნენ – რა იყო, მამა, გვძინავსო. ყველაზე მეტად უმცროსი, სოფო უყვარდა და ყველაფერს უსრულებდა. რა უნდა ეთქვა სოფოს, რომ ავთოს არ შეესრულებინა. ამათთვის „არა”, არ არსებობდა.

– წარმომიდგენია, რა მძიმე იყო თქვენთვის, როცა მისი ავადმყოფობის შესახებ გაიგეთ. მოგვიყევით, რა მოხდა.

– ყველაზე რთული მომენტი იყო, როცა მიუნხენში გვითხრეს, სულ სამი თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილიო. ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავუკეთეთ და იქიდან დაიწყო ყველაფერი. მიუნხენში ოპერაცია რომ გავუკეთეთ წელიწად-ნახევრის შემდეგ, ორგანიზმში პერიტონიალური კარცინომატოზი წავიდა. შემდეგ მოიხედა კიდეც, ძალიან კარგად იყო, ავადმყოფობა არ ეტყობოდა. უბრალოდ, ოპერაციის შემდეგ ცოტა გახდა, თუმცა ძალიან მოუხდა. ბოლო ერთი თვე იყო მძიმედ. ჩვენი ქორწინების 30-ე წლისთავზე გარდაიცვალა. ერთი ფაქტი მინდა, გავიხსენო: მიუნხენში მეორედ ჩასვლაზე, გადამეკიდა, გინდა თუ არა, რაღაც უნდა გიყიდოო. მაგის თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ არ შემეშვა და მარგალიტის მძივი მიყიდა. რომ გარდაიცვალა, კარგა ხნის მერე, უჯრა გამოვაღე და ეს მძივი დავინახე, მაშინ დავაფიქსირე – ქორწინების 30 წელი მარგალიტის ქორწილია და ფაქტობრივად, ეს მისი ბოლო საჩუქარი გამოვიდა. გაუცნობიერებლად გააკეთა, მაგრამ ზუსტად დაემთხვა. არ მგონია, რამე წინათგრძნობა ჰქონოდა. ერთადერთი, სამი დღით ადრე მითხრა: ჩოხაში დამასაფლავეთო. ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი იყო და სულ ჰქონდა პატრიოტული მომენტები.

– როგორი იყო ეს ადამიანი ცხოვრებაში? ჩვენ მას მხოლოდ თავისი საქმიანობით, ეკრანიდან ვიცნობდით.

– ძალიან ხუმარა იყო, მაგრამ მერე ამ სამსახურმა დაღი დაასვა. ცოტა გულჩათხრობილი გახადა. ძალიან მეოჯახე იყო. უპირველესი მისთვის ოჯახი ეყო. მთელი ცხოვრება ომში გაატარა, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მნიშვნელობით. აფხაზეთის დარდი გაჰყვა. ძალიან მძიმე და სანერვიულო სამუშაო ჰქონდა, მაგრამ სამსახურიდან რომ მოდიოდა, ამ ყველაფერს კარს იქით ტოვებდა.

აფხაზეთში ჩემი სამი შვილით გავიჭედე შუა ომის დროს და სხვათა შორის, აფხაზებმა გამოგვიყვანეს სამშვიდობოს. ამ დროს ავთო სოხუმში იყო. სამსახურს ხომ ვერ მიატოვებდა და გამწარებული რეკავდა. ენგურის ხიდზე რომ გადმოვდიოდით, ქართულად თუ დავილაპარაკებდით, ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა, აფხაზურად ან რუსულად უნდა გველაპარაკა, ვითომ რუსი ტურისტები ვიყავით. რომ გაეგოთ, ვისი ცოლ-შვილი გადმოდიოდა, აუცილებლად მძევლად აგვიყვანდნენ. თან, პატარა, შავი პუდელი გვყავდა, რომელმაც ტანკებსა და იარაღიან ხალხზე ყეფა ატეხა. მთელი ჯარი ჩვენ გვიყურებდა. შემდეგ გაგრაში წავედით. სოჭიდან თბილისისკენ რეისი ინიშნებოდა და უნდა მიგვესწრო. გზაზე გაგვაჩერეს, რაღაც მომენტში იარაღიც ისროლეს.

ნინო: ერთხელ თურქეთში წავედით დასასვენებლად, თურქეთის დაზვერვის სამსახურის უფროსმა დაგვპატიჟა თავის სახლში. დაცვით დავდიოდით, მამა გადარეული იყო – საქართველოში არ მყავს დაცვა და აქ რა ჯანდაბად მინდაო. იმ კაცმა აუხსნა: ჩვენი პატივისცემა ისაა რომ ოჯახის თითოეულ წევრს დაცვა ჰყავდესო. სადაც წავიდოდ-წამოვიდოდით – მთელი დღე ასე დაგვყვებოდა უკან. ბოლო ერთი კვირა მეორე ვილაზე გავატარეთ, სადაც ერთი მოსამსახურე გვყავდა. ასეთი ტრადიცია აქვთ, უფროსს ზურგი არ უნდა შეაქციონ და ეს კაციც უკუსვლით დადიოდა. მამამ ეს არ იცოდა და იფიქრა – გიჟიაო. რამდენჯერ მაცივართან მივიდოდა მამა, იმდენჯერ შემოვარდებოდა – რამე ხომ არ გნებავთო. მამა არ იყო მიჩვეული ამას, გადაირია, – მომაცილეთ ეს კაცი, წყალი ვეღარ დამილევია, უკან დამდევს! რა უნდა, სად ზის, ერთი გამაგებინეთო. თურმე კარის უკან არ ზის?!

– გაიხსენეთ, როგორ შეხვდა ბატონი ავთო ქალიშვილების გათხოვებას?

ქალბატონი მარინა: პირველი შუათანა – ეკა გათხოვდა და მახსოვს, ძლივს შევაპარეთ. მიაჩნდა, რომ ჯერ ძალიან ადრე იყო მისი გათხოვება. თუმცა სიძე რომ ნახა, დამშვიდდა. მერე სოფო გათხოვდა. ტატოც ძალიან მოეწონა. ბოლოს ნინო გათხოვდა. სხვათა შორის, ამბობდა, ოქტომბერში უნდა გათხოვდესო და მართლა ოქტომბერში გათხოვდა. ნინოს მეუღლეს – გიორგის თავიდანვე იცნობდა. ნინო და გიორგი კლასელები იყვნენ. იძახდა, ბიჭები მინდაო და ისე აეწყო, რომ ჩვენს ოჯახში ზედიზედ სამი ბიჭი გაჩნდა: ნინოსი – ორი, სოფოსი კი – ერთი.

ნინო: არ მახსოვს, დედაჩემი ბაზარში ან მაღაზიაში წასულიყო. პურზეც კი არ უშვებდა. ვერ წარმოედგინა, ქალი როგორ უნდა მოსულიყო სახლში დატვირთული. დილით, შვიდ საათზე მიდიოდა ბაზარში და მძღოლთან ერთად დატვირთული ბრუნდებოდა. მეგონა, ყველა კაცი ასეთი იყო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სხვა ოჯახებს რომ გადახედო, ასე არ არის. მჭადის გამოცხობა იცოდა კარგად, თორემ ამ მხრივ, სხვა არაფერი ეხერხებოდა. ერთადერთი, რაზეც შეიძლებოდა გაბრაზებულიყო, ჩუსტები იყო. ყოველთვის მე მეცვა მისი ჩუსტები, მას კი ორმოცდაექვსი ზომა ფეხი ჰქონდა.