მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რაში გაცვალა დიმიტრი შაშკინმა 60 000-ლარიანი სამსახური
2009-09-09

ისინი, სამივე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმოადგენენ: დიმიტრი შაშკინი მინისტრია, დანარჩენები – აკაკი სეფერთელაძე და ლევან ზარანდია – მის მოადგილეებად მუშაობენ.

დიმიტრი შაშკინი:

ის 1975 წელსაა დაბადებული, აგვისტოში (ანუ სულ ახლახან გახდა 34 წლის). თბილისის 52-ე (რუსულენოვანი) სკოლა დაამთავრა; 1992-1993 წლებში არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში სწავლობდა და, იმავდროულად, შსს-ს შეიარაღების სამსახურშიც მუშაობდა; 1993 წელს თსუ-ში ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, 1996 წელს ჯარშიც გაიწვიეს (წოდებით უმცროსი ლეიტენანტია); 1997-1998 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა დირექტორის თანაშემწედ და მონაწილეობას იღებდა საქართველოს სასამართლო რეფორმის მომზადებაში. 1998 წლიდან საერთაშორისო რესპუბლიკურ ინტსტიტუტში დაიწყო მუშაობა და 2001 წლისთვის პოლიტიკური პროგრამების დირექტორობასაც მიაღწია (სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობდა მინისტრად დანიშვნამდე). 1998-2006 წლებში მონაწილეობას იღებდა აშშ-ის, საქართველოს, უნგრეთის, ლიტვის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა დონის არჩევნების კონსალტინგსა და მენეჯმენტში. 2009 წლიდან დიმიტრი შაშკინი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად მოგვევლინა, შესაბამისად, სწორედ 2009 წელს შეავსო მან თავისი პირველი საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია, რა თქმა უნდა, ახლებური ფორმით, რაც შედარებით მწირ, მაგრამ მაინც ინფორმაციას გვაწვდის მისი შეძლების შესახებ.

დიმიტრი შაშკინს ჰყავს მეუღლე, ანნა (თავად ასე უწოდებს) შაშკინა და ორი შვილი. მინისტრის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე (საერთო ფართით 166,7 კვადრატული მეტრი) და მიწის ნაკვეთი თბილისში, წერნაკის შესახვევში (ფართობი – 294 კვადრატული მეტრი). თბილისში მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს ანა შაშკინაც ფლობს (ასევე, წერნაკის შესახვევში): მიწის ნაკვეთის ფართობია 248, შენობა-ნაგებობების – 256,9 კვადრატული მეტრი.

დიმიტრი შაშკინს მსუბუქი ავტომანქანაც ჰყავს – „ფოლკსვაგენ ტუარეგი“, რომელიც, სავარაუდოდ, 55 000 ლარი ღირს, მანამდე კი მინისტრს 35 000 ლარად ღირებული ავტომანქანა ჰყავდა, რომელიც გაყიდა.

დეკლარაციის შევსების დროს დიმიტრი შაშკინს „პროკრედიტბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 448 ევრო ერიცხებოდა, „თი ბი სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე – 175 ევრო, „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშებზე – 130 ევრო, 10 052 აშშ დოლარი, 1 446 აშშ დოლარი; იმავე ბანკის მოკლევადიან ანაბარზე კი 10 000 აშშ დოლარს ინახავდა.

რაკი გამინისტრებამდე დიმიტრი შაშკინი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამის დირექტორად მუშაობდა, მისი წლიური ანაზღაურება 60 000 ლარი იყო, ამას გარდა, GIPA-შიც კითხულობდა ლექციებს, ოღონდ მეტად მოკრძალებულ ანაზღაურებას იღებდა, სულ რაღაც, 1 800 ლარს.

აკაკი სეფერთელაძე

დიმიტრი შაშკინის პირველი მოადგილე, აკაკი სეფერთელაძე, 1977 წელსაა დაბადებული (ივნისში). მის ბიოგრაფიაში ოჯახის წევრები მითითებული არ არიან, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბ-ნი სეფერთელაძე დაუოჯახებელია.

მინისტრის მოადგილემ 1999 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, 2005 წელს კი თსუ-ში სწავლობდა მეორად ფაკულტეტზე და სამართალმცოდნის კვალიფიკაციაც მიინიჭა (მოგეხსენებათ, იურიდიული განათლების გარეშე ქართველი ჩინოვნიკის ფასი თითქმის კაპიკია). უფრო ადრე კი, 1999 წელს, ბრიუსელში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ტრენინგი გაიარა, 2003 წელს – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ტრენინგი, თემაზე „საარჩევნო აკადემია“; 2006 წელს – ტრენინგი თემაზე „მარკეტინგის მეთოდოლიგია და სერტიფიკაცია“; 2007 წელს – ტრენინგი თემაზე „მოქალაქეთა ეფექტური მომსახურება“. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ტრენინგებისა, აკაკი სეფერთელაძე 1996-2000 წლებში საქართველოს მოქკავშირის ახალგაზრდულ ფრთაში მუშაობდა; ამის პარალელურად, 1997-2000 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის დირექტორის მოადგილეც; 1997-1999 წლებში საქართველოს პარალმენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიწვეული კონსულტანტი გახდა; 1998-2001 წლებში – სტრატეგიული კვლევისა და პოლიტიკური განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; 2003 წელს – „სილქ როუდ ბანკის“ პრეზიდენტის მრჩეველი; 2004-2006 წლებში – „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; იმავდროულად, 2004-2006 წლებში, „პრაგმა ჯგუფი“ დააფუძნა. 2006 წლიდან მისი სამოხელეო კარიერაც დაიწყო: 2009 წლამდე თბილისის მერიაში მუშაობდა, ძირითადად, ადმინისტრაციაში. 2009 წლიდან კი ის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილეა.

შესაბამისად, თავისი პირველი დეკლარაციაც 2009 წელს შეავსო, საიდანაც ვიგებთ, რომ თავად აკაკი სეფერთელაძეს არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია, სამაგიეროდ, თამაზ სეფერთელაძის (სავარაუდოდ, მამა) საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე (ბინის საერთო ფართია 85 კვადრატული მეტრი); საცხოვრებელი სახლი რკინის რიგის ქუჩაზე; ასევე, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი სარაჯიშვილის ქუჩაზე და ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება. რუსუდან ვადაჭკორიას კი ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი მახინჯაურში, მიწის ნაკვეთი კოჯორში (1 160 კვადრატული მეტრი) და საცხოვრებელი სახლი თბილისში, 8 მარტის ქუჩაზე.

უფრო მეტიც, თამაზ სეფერთელაძე „პროკრედიტბანკის“ დეპოზიტზე 16 000 აშშ დოლარს ინახავს, დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 120 000 აშშ დოლარი. ის შპს „სეფოს“ დამფუძნებელიცაა, თუმცა, თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, შპს-ს მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია.

რაც შეეხება დასაქმებას: თამაზ სეფერთელაძე სახალხო არტისტია და ამაში 3 600 ლარს იღებს; ქ-ნ რუსუდანი რესპუბლიკური ენდოკრინოლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმია და მისი წლიური ანაზღაურება 1 127 ლარია, თავად აკაკი სეფერთელაძე კი 2008 წლის განმავლობაში მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეც იყო (ამან მას 21 000 ლარი მოუტანა) და პირველი მოადგილეც (რაშიც 10 739 ლარი აიღო).

ლევან ზარანდია

ის ამ სისტემის ყველაზე ახალგაზრდა მოადგილეა – ლევან ზარანდია 1980 წელსაა დაბადებული ზუგდიდში. სკოლა (166-ე) 1997 წელს დაამთავრა თბილისში, შემდეგ თსუ-ში ჩააბარა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მისი შრომითი ბიოგრაფია 2002 წელს იწყება საქართველოს პარლამენტში, სადაც 2004 წლამდე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვან სპეციალისტად მუშაობდა; 2004 წლის თებერვალ-აგვისტოში შსს-ში გადავიდა და შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი გახდა. უცნობია, რას საქმიანობდა ბ-ნი ზარანდია 2009 წლამდე, სამაგიეროდ, ვიცით, რომ 2009 წლიდან ის დიმიტრი შაშკინის მოადგილეა. აქედან გამომდინარე, თავისი პირველი დეკლარაცია მანაც 2009 წელს შეავსო, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ლევან ზარანდიას ერთადერთი ქონება გააჩნია – ავტომანქანა „ფოლკსვაგენ ჯეტა“. წერეთლის გამზირზე მდებარე ბინის მესაკუთრედ თამაზ ზარანდიაა დასახელებული (სავარაუდოდ, ლევან ზარანდიას მამა), მაგრამ ავტომანქანა მასაც ჰყავს – „ფოლკსვაგენ პასატი“.

დეკლარაციის შევსების დროს დასაქმებული მხოლოდ მზია ლაბაძე იყო (სავარაუდოდ, ლევან ზარანდიას დედა): ის 166-ე სკოლის პედაგოგად მუშაობდა და მისი წლიური ანაზღაურება 2 090 ლარს შეადგენდა.



ნინო ხაჩიძე