მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ჰიპერტონიული დაავადება გულის გადიდებას იწვევს
2012-04-16
ნონა დათეშიძე

 

 

ზოგიერთი დაავადების დროს გულის ზომა მატულობს. ეს პათოლოგიაა და ამ დროს აუცილებელია მკურნალობის კურსის ჩატარება. გულის გადიდება ხდება გულის კუნთის ზრდის ან გულის ღრუების, ანუ პარკუჭების, გაფართოების ხარჯზე. ამის მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. არსებობს გულის გადიდების ბუნებრივი მიზეზები, მაგალითად, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა გულის უფრო აქტიურ მუშაობას მოითხოვს. ეს კი გულის კუნთის უჯრედების ზომაში მატებას და გულის მასის ზრდას იწვევს. ეს ფიზიოლოგიური მიზეზია, მაგრამ, მეტისმეტმა დატვირთვამ, სტრესმა და სხვადასხვა დაავადებამ, შესაძლოა შემდგომში გულის ჰიპერტროფიულ დაავადებამდე მიგვიყვანოს.

გულის დაავადების სხვა მიზეზი არის დაავადებები, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია ჰიპერტონიული დაავადება. სისხლძარღვებში წნევის მატებისას გულს მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა სისხლის გადასაქაჩად. ამიტომ, გულის კუნთები გაძლიერებულად მუშაობს, ზომაში იმატებს და გული ჰიპერტროფირდება. ის ფართოვდება, რომ შეებრძოლოს მომატებულ წნევას და სისხლი სპაზმირებულ სისხლძარღვებში გადაქაჩოს.

გულის იშემიური დაავადებისას გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვები ზიანდება და ირღვევა გულის კუნთის სისხლმომარაგება. ამის გამო, კუნთის უჯრედები იწყებს გადაგვარებას და მათ ჩაენაცვლება შემაერთებელი ქსოვილი. ეს ქსოვილი კი არ არის ელასტიკური, არ შეუძლია შეიკუმშოს და ხდება გულის ღრუების გაფართოება. ამას კი დილეტაცია ეწოდება.

გულის ზრდა შესაძლოა, გამოიწვიოს გულის კუნთის ანთებამაც. ანგინის ან ქუნთრუშას გადატანის შემდეგ, ხშირად ვითარდება გართულებები გულზე. თუ დაავადებას დროულად არ უმკურნალეთ, შესაძლოა, განვითარდეს საკმაოდ მწვავე დაავადება. დაავადებისგან გამოფიტული გულის კუნთის ქსოვილი  დუნდება და გულის ღრუები იმდენად ფართოვდება, რომ გული გულმკერდის ორივე ნახევარს იკავებს.

რევმატიზმი ფარულად მიმდინარეობს, ამ დროს ადამიანი გრძნობს სისუსტეს, რასაც გადატანილ ანგინას, გრიპსა და სხვა დაავადებას აბრალებს. ამ დროს კი კარდიტმა, ანუ გულის კუნთის ანთებამ, შეიძლება, გულის მანკის განვითარება გამოიწვიოს. კარდიტის ძირითადი პროფილაქტიკა ანგინის დროული მკურნალობაა ანტიბიოტიკებით.

საკმაოდ ხშირია გრიპის შემდგომი მიოკარდიტები, რომლებიც ასევე იწვევს გულის კონფიგურაციის ცვლილებას. გულის გადიდებას შეიძლება, იწვევდეს თანდაყოლილი მანკები, ალკოჰოლით ინტოქსიკაცია და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ გადიდებულ გულში კუნთოვანი ქსოვილის დეფიციტია, მისი კუმშვითი ფუნქცია ქვეითდება. ის ნაკლებ სისხლს გადაისვრის ორგანიზმში და ცუდად ამარაგებს მას. ამის შედეგად ვითარდება გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის მოხსნა კი მეტად მნიშვნელოვანია ჰიპერტონიითა და იშემიით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის დროს.

გადიდებული გულის მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადებების, კერძოდ, იშემიისა და ჰიპერტონიის მკურნალობას. ამ დროს მნიშვნელოვანია სისხლში ქოლესტერინის დონის მოწესრიგება, ამისთვის საჭიროა უცხიმო დიეტის დაცვა, რაციონის გამდიდრება მცენარეული საკვებით და უცხიმო რძის პროდუქტით. ასევე, კარგია უცხიმო ხორცი, თევზი, ხილი, ბოსტნეული. აღსანიშნავია, რომ ბადრიჯანი აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, დღეში ორი ვაშლის ჭამა კი ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლებზე დალექილი ქოლესტერინის გამოტანას. ამ დროს აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

 

ადამიანს სწორი კვება ნებისმიერ ასაკში სჭირდება

ახალგაზრდებისთვის აუცილებელია თხილეულისა და სუბტროპიკული ხილის ჭამა. 40 წლის შემდეგ კი საჭიროა ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები – სტაფილო, მწვანილი, პომიდორი, წიწაკა, ლობიო, კარალიოკი, ვაშლი, კომბოსტო და ასე შემდეგ.  ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები აძლიერებს იმუნიტეტს. 50 წლის ასაკიდან აუცილებელია კალციუმის მიღება, რადგან ის ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს გულის მუშაობას. სელენი კი, რომელიც სტრესისგან გვიცავს, ბევრია ყველში.

დღეში, თუნდაც ოცწუთიანი ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, გვიცავს სხვადასხვა დაავადების რისკისგან, მაგალითად, როგორიცაა წნევის ცვალებადობა, ოსტეოქონდროზი, შაქრიანი დიაბეტი, მკერდის კიბო. ასევე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელია ძილის წინ საძინებელი ოთახის განიავება. მხიარული ბუნების ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დეპრესიულები. სიცილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ებრძვის ინფექციის გამომწვევ მიკრობებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

თუ ტვინის უჯრედებს აქტიურ ვარჯიშს არ მოაკლებთ, იკითხავთ, ამოხსნით კროსვორდებს, შეისწავლით უცხო ენებს, მაშინ გულის, სასუნთქი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემები არასდროს შეგაწუხებთ.

 

ტონუსის ასაწევად, სკლეროზის სამკურნალოდ და ღვიძლის დაავადებების დროს ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ

ტონუსის ასაწევად, 150 გრამ ნიორს და ორას გრამ ხახვს დაუმატეთ ოთხი ჭიქა ვაშლის ძმარი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში თბილ ადგილას. შემდეგ დაამატეთ 400 გრამი ნატურალური, გამდნარი თაფლი და ისევ, ერთი დღე-ღამის განმავლობაში დადგით. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ოთხი ჩაის კოვზი, დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სკლეროზის სამკურნალოდ გახეხეთ რამდენიმე თავი ხახვი და გამოწურეთ მისგან ერთი ჭიქა წვენი. აურიეთ ნატურალური თაფლი და მიიღეთ თითო კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ, ორი თვის განმავლობაში.

ღვიძლის სამკურნალოდ, აურიეთ თითო ჩაის კოვზი კრაზანას, წითელი მოცვისა და ჭინჭრის ფოთლები, დაამატეთ რამდენიმე ცალი ასკილის ნაყოფი, დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ოთხი საათით. დალიეთ ნაყენი ჭამამდე ერთი საათით ადრე.

 

იწვევს თუ არა მარილების დაგროვება ოსტეოართროზს

ოსტეოართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მას სახსრების რევმატიზმს, ხან მარილების დაგროვებას უწოდებენ. თუმცა, ის არც ერთთან და არც მეორესთან კავშირში არ არის.

ოსტეოართროზი შედის რევმატულ დაავადებათა ჯგუფში. ის სახსრების ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ადვილად პროგრესირებს და ხრტილის დეგენერაციული ცვლილებებით ხასიათდება. ნორმალური ხრტილოვანი ქსოვილი მეტად გლუვი, მტკიცე და ელასტიკურია. ის სახსარში შეუფერხებელ და უმტკივნეულო მოძრაობას და ამორტიზაციას უზრუნველყოფს.

ასაკის მატებისა და სხვა ბევრი ფაქტორის ხელშეწყობით, ხრტილი მისთვის დამახასიათებელ თვისებებს კარგავს – ხდება უსწორმასწორო, უხეშდება და კვდება. ამის გამო სახსარში შემავალი ძვლოვანი ზედაპირები ერთმანეთს ეხახუნება, მკვრივდება, ბრტყელდება, სასახსრე ნაპრალი ვიწროვდება. ძვლის ქსოვილი კომპენსაციის მიზნით იწყებს ზრდას და ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები, რასაც შეცდომით მარილების დაგროვებას მიაწერენ. დაახლოებით 45 წლის ასაკის ზევით, ხრტილი, როგორც სხვა ორგანოები და სისტემები, ბერდება და ამ პროცესის შეჩერება ძნელია. ჭარბი წონისგან თავის აცილება ოსტეოართროზის განვითარების რისკს აქვეითებს.

ოსტეოართროზის ნაადრევი განვითარების მიზეზი ხშირად სახსრის ხანგრძლივი გადატვირთვაა, რომელიც ბევრ პროფესიას ახლავს თან. ასაკის მატებასთან ერთად, ხრტილის ელასტიკურობა იკლებს და სახსრები იტვირთება. ასევე, სხვა ხელისშემწყობი ფაქტორებია ტრავმები, სახსრების ანთებითი დაავადებები, მენოპაუზა, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. დაავადება თანდათან, შეუმჩნევლად იწყება და ვითარდება. პირველად ტკივილი მხოლოდ დატვირთვის შემდეგ, საღამოს საათებში ჩნდება, დასვენების მერე კი ქრება. დროთა განმავლობაში ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იზრდება და ღამის საათებშიც დისკომფორტს უქმნის ადამიანს. შემდგომ სტადიებში მუდმივ შემაწუხებელ ტკივილი იგრძნობა, კიდურებში მოძრაობის შეზღუდვა, მოძრაობისა და სიარულის დროს სახსრებში ისმის ხრაშუნისა და ტკაცუნის ხმა. მოგვიანებით სტადიაში ვითარდება სახსრების შეუქცევადი დეფორმაციები, ამოვარდნილობები და სხვა გართულებები.

ადამიანმა დროულად უნდა მიხედოს თავს და ეცადოს, ასაკის მატებასთან ერთად, წონაც არეგულიროს, რათა მსგავს პრობლემებს აარიდოს თავი.

 

ბრონქული ასთმის დროს სვით ევკალიპტის ნაყენი

ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს, ცინეოლს, მთრიმლავ ნივთიერებებს. მას იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტის, ინფექციური ჭრილობების, სასქესო ორგანოების ანთების დროს.

ევკალიპტის ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონიის, ტროპიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.

ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: ორ სუფრის კოვზ აფთიაქში ნაყიდ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული, მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ ოცი წუთი. შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. ეს ნაყენი ეფექტურია ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად, ჩირქოვანი გასტრიტის, გინეკოლოგიური დაავადებების დროს, ზედა სასუნთქი გზების ინჰალაციისთვის.

ხალხურ მედიცინაში ევკალიპტის ფოთლებს გამოიყენებენ, როგორც კუჭის წვენის გამოსაყოფ საშუალებას, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ათი წუთით. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და დალიეთ თბილი, დღეში სამჯერ, თითო ღვინის ჭიქა, ჭამის წინ.

ევკალიპტის ზეთი კი, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში გამოსავლებად და ინჰალაციისთვის.