მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ნიკა ლაშაური
2012-03-12
ეკა სალაღაია

ნიკა ლაშაურისაქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში არაერთი ცნობილი, ღვაწლმოსილი და დამსახურებული პიროვნების პირადი კოლექციაა დაცული. ერთ-ერთი მათ შორის, დედა ენის ავტორის, იაკობ გოგებაშვილის პირადი კოლექციაა. ჩვენი რესპონდენტი, საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილების უფროსი, მაია მიქაბერიძე, დღევანდელ ინტერვიუში ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის პირად კოლექციას წარმოგვიდგენს. 

 

მაია მიქაბერიძე: საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდი – ეს არის  ეროვნული ბიბლიოგრაფიის კოლექცია, სადაც თავმოყრილია საქართველოში დაბეჭდილი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, სანოტო გამოცემებისა და სხვა სახის ერთეულების საარქივო ეგზემპლარები. ეს არის ამ ტიპის ყველაზე დიდი მოცულობის კოლექცია საქართველოში. მას საფუძვლად დაედო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი, რომლის შექმნასა და შევსებაში, სხვებთან ერთად დიდი როლი შეასრულა იაკობ გოგებაშვილმა. წიგნსაცავ-მუზეუმში, როგორც თვით სახელწოდებიდანაც ჩანს, წიგნები და ჟურნალ-გაზეთები აღიქმებოდა სამუზეუმო ექსპონატებად, რომლებიც ხელუხლებლად, გაუცვეთლად უნდა  შენახულიყო მომავალი თაობებისთვის. 

– ქალბატონო მაია, სანამ იაკობ გოგებაშვილსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ მის პირად კოლექციაზე ვისაუბრებდეთ, რამდენიმე სიტყვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას  შევეხოთ.  

– მეცხრამეტე საუკუნეში ქართულ ენაზე სწავლა აკრძალული იყო. ხელისუფლება აქტიურად ატარებდა გარუსების პოლიტიკას. ასეთ ვითარებაში სწორედ მოწინავე საზოგადოებას უნდა ეტვირთა ქართული ენისა და, შესაბამისად, ქართული ეროვნული ცნობიერების, ესე იგი, ქართველი ერის გადარჩენა. ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი ამ მიზნის მისაღწევად აღმოჩნდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. 

ასეთი ორგანიზაციები არსებობდა ჩვენი მდგომარეობის მსგავს ქვეყნებში. მაგალითად, სერბიაში 1826 წელს შეიქმნა „სერბიული მატიცა”, რომელმაც თურქთა ძალადობის საპირისპიროდ, დაიწყო მუშაობა სერბთა კულტურული აღორძინებისთვის. ასეთივე დატვირთვა ჰქონდა 1839 წელს დაარსებულ ხორვატულ, ანუ „ილირიულ მატიცას”, რომელიც შეიქმნა ხორვატიაში. 1863 წელს კი დაარსდა „სლოვენური მატიცა”, რომელიც წინ აღუდგა სლოვენიის გერმანიზაციას. 

ქართულ საზოგადოებას კი გარუსების მძლავრი პროცესისთვის უნდა გაეწია წინააღმდეგობა. ყველა მცდელობა ქართული სკოლების დაარსებისა, აწყდებოდა ყრუ კედელს. ვითარება ერთგვარად შეცვალა რუსეთ-თურქეთის ომმა. რაკი ბრძოლები უშუალოდ საქართველოს საზღვრებთან მიმდინარეობდა, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ქართველთა კეთილგანწყობის მოპოვება. ამით ისარგებლეს ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა – დიმიტრი ყიფიანმა, ნიკო ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და შეადგინეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება. თავდაპირველად, მასში არ შესულა მოთხოვნა ქართულ ენაზე სწავლების შესახებ იმ მოსაზრებით, რომ მაინც არ დაუმტკიცებდნენ. მაგრამ, სწორედ იაკობ გოგებაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, წესდებას დაუმატეს პუნქტი, რომელიც დაახლოებით ასეთი იყო: „საზოგადოება მიზნად ისახავს სწავლება საწყის კლასებში მიმდინარეობდეს მშობლიურ ენაზე...” სწორედ ეს პარაგრაფი იწვევდა ხელისუფლების უკმაყოფილებას, ამიტომ თავდაპირველად, წესდება არ დაამტკიცეს. შემდეგ კი დიმიტრი ყიფიანმა და სხვა საზოგადო მოღვაწეებმა მოახერხეს, თანამედროვე ჟარგონი რომ ვიხმაროთ, „იჩალიჩეს” და წესდება 1879 წელს მაინც მიაღებინეს. 

– ნათელია, რომ ვერ შევძლებთ იაკობ გოგებაშვილზე საუბარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გვერდის ავლით...

– მართლაც. იაკობ გოგებაშვილმა და სხვებმა ამ საზოგადოებას, სხვადასხვა სახის მატერიალურ ქონებასთან ერთად, შესწირა ეს საკუთარი ბიბლიოთეკის წიგნები, პერიოდული გამოცემები  და ხელნაწერები. ჩვენ საჭიროდ ვცანით, ცალკე კოლექციის სახით შეგვენახა ამ მოღვაწეთა პირადი ბიბლიოთეკები. ამას ორი მიზეზი აქვს – ჯერ ერთი, მათ განსაკუთრებული როლი შეასრულეს როგორც ზოგადად, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში, ასევე კერძოდ, ამ წიგნსაცავის შედგენაში. მეორე მხრივ, კოლექცია საშუალებას იძლევა, დაინახო, თუ როგორი თანმიმდევრობით მუშაობდა იაკობ გოგებაშვილი თავისი სახელმძღვანელოების შედგენაზე, რა ლიტერატურას ეცნობოდა, რა ჩანაწერებს აკეთებდა და ასე შემდეგ. ჩვენს კოლექციაში ინახება გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების სხვადასხვა გამოცემა: „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის”,  „დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი”, „კოკორი ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“, „დედანი ქართული წერისა”, „ბუნების კარი” და სხვები. თუ სახელწოდებებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ იაკობ გოგებაშვილი საგანგებო დატვირთვას აძლევდა მათ. მაგალითად, პატარა ბავშვებისთვის სიტყვა „კოკორი” ბევრად უფრო მიმზიდველს ხდიდა სახელმძღვანელოს. გარდა მოსწავლეთა წიგნებისა, იაკობმა შექმნა აგრეთვე მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის – „დარიგება მასწავლებლისათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში და პირველ საკითხავ წიგნში”. ერთი სიტყვით, რასაც აკეთებდა, ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებდა. 

– იაკობ გოგებაშვილის პირადი ბიბლიოთეკა მართლაც ბევრს მოგვითხრობს მის პროფესიონალიზმსა და პიროვნებაზე. რა არის ცნობილი ამ დიდი და ცნობილი პედაგოგის შესახებ?

– იაკობი სწავლობდა ჯერ გორის სასულიერო სემინარიაში, მერე თბილისის სასულიერო სემინარიაში და ბოლოს – კიევის სასულიერო აკადემიაში. სუსტი ჯანმრთელობის გამო აკადემიის სრული კურსი ვერ დაასრულა და ნაადრევად გამოემგზავრა სამშობლოში.

ცნობილია მისი გარეგნული მონაცემებიც. იყო კარგად მოსული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი. ისეთი ხმამაღალი და ომახიანი ლაპარაკი იცოდა, თითქოს ვინმეს უჯავრდებოდა. მაგრამ, მის რიხიანობას არ ეხამებოდა საოცრად სევდიანი თვალები და კეთილშობილური გამომეტყველება. 

– მის ოჯახურ მდგომარეობაზე რა არის ცნობილი?

– ოჯახი არ ჰქონია. მართალია, ბევრ ქალს მოსწონდა, მაგრამ, რაკი ტუბერკულოზით იყო დაავადებული, ამის გამო უარი თქვა ოჯახის შექმნაზე. 

მთელი სიცოცხლე მკაცრად იცავდა დიეტას. ნიკო ლომოურის თქმით, მთელი მისი ქეიფი,  დიდი ღვინო და გახმაურებული ნადიმი – ეს იყო ნათესაობის ნახვა და ის, თუ ისინი ახლადდადებული კვერცხებით სავსე კალათას მიუტანდნენ ძღვნად. ხელმომჭირნეობა, ზრუნვა საზოგადოებისათვის – აი, მისი ქეიფი.  როდესაც ათასობით უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და არც ერთი ნათესავი არ დაუტოვებია უყურადღებოდ და ყველას თავისი წილი არგუნა, მისი სიკვდილის შემდეგ მის სახლში ნახეს 12 წყვილი წინდა, რომლებიც მისივე ხელით იყო დაკემსილი. მისი შამპანური ადამიას განთქმული სარძევე იყო, სასტუმრო „სევერნიე ნომერას” ქვეშ – სარდაფში. ვისაც იაკობის ნახვა უნდოდა, შეეძლო ამ სარძევეში მისულიყო დღის 12 საათზე. იქ ნახავდა იაკობს თავის კუთხეში, სავარძელში მჯდომარეს. ერთსა და იმავე მაგიდასთან იჯდა და კაკაოთი, წყვილი კვერცხითა და რძით საუზმობდა.

–  ბევრი ამბავია ცნობილი იაკობ გოგებაშვილის კაცთმოყვარეობასა და ქველმოქმედებაზე...

– მართლაც... იაკობ გოგებაშვილის კაცთმოყვარეობასა და ქველმოქმედებაზე მეტყველებს ის, რომ მას ჰყავდა საკუთარი სტიპენდიანტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ალექსანდრე მიქაბერიძე იხსენებდა, რომ იაკობმა მას რამდენჯერმე სთხოვა დახმარება სასტიპენდიო თანხების დაანგარიშებაში. მაგრამ, არასოდეს გაუმხელია, თუ რომელ ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა. ალექსანდრე მიქაბერიძეს ხშირად უნახავს გოგებაშვილის სამუშაო მაგიდაზე სასტიპენდიოდ გამზადებული კონვერტები. იგი იხსენებს აგრეთვე თედო სახოკიასთან დაკავშირებულ ამბავს. 

– რა ამბავს?

– თედო სახოკია ხელისუფლებამ 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ ციმბირში გადაასახლა. მან ფულადი დახმარება სთხოვა იაკობს, რომ გადასახლებიდან გამოპარულიყო. 

– რა უპასუხა გოგებაშვილმა, ამ სარისკო ნაბიჯის გადადგმაზე სახოკიას?

– იაკობმა მას 5 მანეთი გაუგზავნა, რაც იმ დროისთვის სოლიდური თანხა გახლდათ.

– ალბათ, ბევრი მკითხველი გაოცებული დარჩება თუ შეიტყობს, რომ იყო პერიოდი, როდესაც „დედა ენის“ ავტორს პედაგოგიური მოღვაწეობა აუკრძალეს.

– არადა, ეს მართლაც ასე იყო... იაკობ გოგებაშვილი 1863-1875 წლებში გეოგრაფიისა და არითმეტიკის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. ის ილაშქრებდა მოსწავლეთა ფიზიკური დასჯისა და სემინარიის მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ, რისთვისაც პედაგოგიური საქმიანობა აუკრძალეს და სასწავლებლიდან დაითხოვეს. დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლებოდა იაკობისთვის პედაგოგობის აკრძალვა. მაგრამ, იმ სისტემისთვის, იაკობის აზროვნება მეტისმეტად პროგრესული იყო.

გოგებაშვილს არასოდეს აინტერესებდა მოხელის კარიერა. იგი საზოგადო მოღვაწე გახლდათ და მისი მთავარი სულიერი ინტერესები წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობასა და ქველმოქმედებას უკავშირდებოდა. ნიკო ლომოური თვითონ შეესწრო იმ ფაქტს, თუ როგორ შეყარა ბუხარში და დაწვა იაკობ გოგებაშვილმა თავისი სასულიერო სემინარიის ატესტატი და სასულიერო აკადემიის მოწმობა. 

– რატომ?

– ეს კითხვა თავად ნიკო ლომოურსაც დაუსვამს გოგებაშვილისთვის, რაზედაც იაკობს უპასუხია: დავწვი გემები, რათა უკან დაბრუნება აღარ შეძლებოდაო. მიმაჩნია, რომ მიუხედავად სასულიერო განათლებისა, „დედა ენის“ ავტორი ქართული პედაგოგიკის ფუძემდებელია. მას საბავშვო მოთხრობებიც აქვს შექმნილი, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენს ბიბლიოთეკაში დაცულ, მის პირად კოლექციაშიც გვხვდება. ამ კოლექციის დათვალიერებისას, ნათელი ხდება, რომ იაკობ გოგებაშვილი საინტერესო მოღვაწეა. მთელი მისი მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან. ამ საზოგადოებას თავის პროგრამაში სხვადასხვა საკითხები ჰქონდა, მაგრამ უმთავრესი – სახელწოდებიდანაც ჩანს, იყო განათლების გავრცელება საქართველოში. სწორედ ეს საქმე დაევალა უშუალოდ იაკობ გოგებაშვილს, რასაც ფაქტია, შესანიშნავად გაართვა თავი... ამაზე მეტყველებს მისი ბიოგრაფია და პირადი კოლექცია, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკაში და ნებისმიერი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია.