მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
მე – დაქირავებული მკვლელი
2011-10-10
ნიკა ლაშაური

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-40(562)

– კეთილი, – გაეცინა გენერალს, – ხვალ დილით თეთრი საძინებელი თბილისის აეროპორტში დაგხვდება, ახლა კი ტერეზასა და რუდოლფის ამბები მომიყევი დაწვრილებით.
– ბევრი არაფერია მოსაყოლი, ამხანაგო გენერალო, მივუგე შჩუკინს, პურიტანი ტერეზა სულ რაღაც ექვს დღეში გატყდა და ისეთი არაპურიტანული მისწრაფებები გამოავლინა, მის ნაცვლად მე მრცხვენოდა.
– კარგია ლოგინში?
– დასაწუნი არაა.
– როგორ შეგელია?
– მე ის მძინარე დავტოვე, – მივუგე გენერალს, შემდეგ ჩემი და ტერეზას ურთიერთობები თითქმის დაწვრილებით ვუამბე და ბოლოს ვუთხარი: – ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ, ვშიშობ, მათ ოჯახი დავუნგრიე. არა მგონია, სამსახურზე გადამკვდარმა რუდოლფმა ცოლს ასეთი მზარდი მოთხოვნილებები დაუკმაყოფილოს. სავარაუდოდ, ტერეზა სხვა სექსუალური პარტნიორების ძებნას დაიწყებს.
– ძალიან კარგი, – თქვა შჩუკინმა.
– ვითომ?
– რა თქმა უნდა, ჩემო კოკი, – სრული სერიოზულობით მითხრა გენერალმა, – შენმა სიტყვებმა ერთი ბრწყინვალე იდეა ჩამისახა თავში და მის დაუყოვნებლივ განხორციელებას შევუდგები. თუ ტერეზა ახალი სექსუალური პარტნიორის ძებნას დაიწყებს, ჩვენ მას ამაში დავეხმარებით და ისეთ „ბუღას“ შევახვედრებთ, რომელიც ყველა მის თახსირულ სურვილს უმაღლეს დონეზე დააკმაყოფილებს. მისი ოჯახის დანგრევა კი არ გვაწყობს. ჩვენ რუდოლფის კვლევების ცოდნა გვჭირდება და ტერეზას სექს-სურვილების დაკმაყოფილებაზე მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვთანხმდებით.
მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ, შევიტყვე, რომ „კაგებეს“ მიერ ტერეზასთან მიგზავნილი საყვარელი წარმატებით იპარავდა რუდოლფის სეიფიდან ზესაიდუმლო სამხედრო ნახაზებს და ამერიკის დაზვერვას აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მათი უახლესი იარაღის ნიმუშებს დეტალურად იცნობდნენ „კაგებეში“. რუდოლფი ამ ათიოდე წლის წინ გარდაიცვალა, ტერეზა კი მალე ისევ გათხოვდა – საბჭოთა მზვერავს გაჰყვა ცოლად. ისინი ახლა ტერეზას მამულში ცხოვრობენ და, ალბათ, ის კაცი ამჟამად უკვე „ეფესბეზე“ მუშაობს...
– ყოჩაღ, კოკი, ამ ტიპის სპეცდავალებასაც წარმატებით გაართვი თავი და მომილოცავს, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც მისი ცნობისმოყვარეობა სრულად დავაკმაყოფილე და წასასვლელად გავემზადე.
– შექებისთვის გმადლობთ, ამხანაგო გენერალო, მაგრამ, ვისურვებდი, რომ ამ ტიპის დავალება აღარ შევასრულო, – გულწრფელად ვუთხარი შჩუკინს.
– ვეცდები, რომ მსგავსი სამუშაო აღარ მოგცე, – გამიღიმა შჩუკინმა, ხელი ჩამომართვა და დაამატა: – ნახვამდის, ხვალ დილით კი აეროპორტიდან თეთრი საძინებლის სახლში მიტანა არ დაგავიწყდეს.
***
მერი ისე გაახარა თეთრმა საძინებელმა, არც კი უკითხავს, სამთვიანი მივლინებიდან თხუთმეტ დღეში როგორ დავიძვრინე თავი. მერის რომ სიმართლე სცოდნოდა, საძინებელს არც კი შეხედავდა, ისე დამშორდებოდა, მაგრამ, ის დარწმუნებული იყო, რომ მართლაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიმყოფებოდი რუსეთში და ჩემმა და თეთრი საძინებლის დანახვამ მას უდიდესი ბედნიერება მოჰგვარა, ჩამეხუტა და მითხრა:
– ძალიან მიყვარხარ, ძვირფასო, შენ ნამდვილი მეოჯახე და სანიმუშო ქმარი ხარ!
მერი მართალი იყო, მე მართლაც ძალიან სანიმუშო მეოჯახე და უერთგულესი ქმარი ვიყავი. ტერეზასთან დაკავშირებული ისტორია გამონაკლისი იყო და ამ გამონაკლისს ჩემი უწყების თამაშის წესები მკარნახობდა, რომელსაც ყოველთვის ვემორჩილებოდი. ცოლი არც მას მერე მომიყვანია, როდესაც საკმაოდ ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე დავქვრივდი. მერი ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო. მასთან ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მაქვს გატარებული და მის ხსოვნას არასდროს არაფერზე გავცვლი. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას, მე ამ სურვილს პერიოდულად ვიკმაყოფილებ. თუმცა, მუდმივი პარტნიორი, ეგრეთ წოდებული „პასტაიანკა“ არ მყავს და არც მისი ყოლის სურვილი გამაჩნია. ერთი მხრივ, მერის თხოვნის გამო, მეორე მხრივ კი – ჩემი პროფესიიდან გამომდინარე.
მუდმივი პარტნიორი ქალი, თანაც, ჩემს ასაკში, თითქმის ცოლივითაა და არ მაწყობს, რომ ვინმემ ჩემს საქმეში ჩაყოს ცხვირი. ასეთი რამ დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს საქმისთვის, საქმეს კი ქალის ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო ნამდვილად ვერ დავღუპავ. თუმცა, ამას წინათ ერთი ქალი გავიცანი, რომელმაც საკმაოდ გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა ჩემ მიმართ და კინაღამ ყველაფერი წყალში ჩემიყარა.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან დავბრუნდი. იქ მე ერთი დელიკატური მისია შევასრულე, ემოციურად საკმაოდ გადაღლილი ვიყავი და განმუხტვა მჭირდებოდა. ამიტომ, დილიდანვე მივაშურე ვაკის საცურაო აუზს და ჯერ ცურვით ვიჯერე გული, შემდეგ კი კოქტეილი შევუკვეთე და ვერანდაზე დავჯექი, რომელიც აუზის მოლურჯო-მომწვანო წყალს გადაჰყურებს. ვწრუპავდი მსუბუქ, სასიამოვნო სითხეს და თან წყალში მოცურავე ადამიანებს ვაკვირდებოდი. უზარმაზარ აუზში სიხალვათე იყო და ძირითადად ქალები ჭარბობდნენ. იქ ყოფნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ყოველი ასეთი ვიზიტი რამდენიმე ასეული ლარი მიჯდება, რადგან იქ ყველაფერზე სამჯერ-ოთხჯერ გაზრდილი ფასებია. თუმცა, უმაღლესი სერვისია და ისე გემსახურებიან, როგორც მსოფლიოს საუკეთესო შესაბამის დაწესებულებებში.
– ხელს ხომ არ შეგიშლით, თქვენ გვერდით რომ დავჯდე? – მომესმა მარცხნიდან. თავი მივატრიალე და ტანწერწეტა, შავგვრემანი გოგონა დავინახე, რომელსაც წითელი ფერის მსუბუქი სავარძელი ეჭირა მარცხენა ხელში, მარჯვენაში კი – კოქტეილით სავსე ჭიქა.
– დაბრძანდით, – გავუღიმე ტანწერწეტას და გუნებაში ვთქვი: „აშკარად საფულეებზე მონადირე მტაცებელია და, ეტყობა, მიზანში ამომიღო“.
ასეთი ქალები მილიონრებს, ან, უბრალოდ, ძალიან შეძლებულ მამაკაცებს უსაფრდებიან და, თუკი მათზე გათხოვებას ვერ ახერხებენ, კარგ დროს მაინც ატარებენ მათთან და ბოლოს მნიშვნელოვან თანხას ან ძალიან ძვირფას ნივთებს იღებენ საჩუქრად. მსგავსი „მტაცებლებითაა“ სავსე ყველა რუსული, ევროპული და ამერიკული „ტუსოვკები“. მათი გამოჩენა არავის უკვირს და დაქვრივებულ ან მექალთანე მილიონერთა ახალი ცოლები და საყვარლები სწორედ ასეთი კატეგორიის ქალები არიან. ეს კასტა ძირითადად ტოპ-მოდელების, ყოფილი ტანმოვარჯიშეების ან ხელმოცარული მსახიობებისგან შედგება და, თუ მწვერვალებს ვერ აღწევენ და „შაჰის ცოლობას“ ვერ გამოჰკრავენ ხელს, თავის ჭიას მაინც ახარებენ. ანჟელიკაც ასეთი ტიპის ქალს ჰგავდა და გადავწყვიტე, სამი-ოთხი დღე გამეტარებინა მასთან, შემდეგ ხუთას-ექვსასდოლარიანი სამკაული მეჩუქებინა და დავშორებოდი. ასეთი რამ ხშირად გამიკეთებია როგორც აქ, ასევე უცხოეთში, ამიტომ, ეს ჩემთვის სიახლეს არ წარმოადგენდა, სექსით დატვირთული სამი-ოთხი დღე კი მთელ თვეს მყოფნიდა და მეც კმაყოფილი ვრჩებოდი და ჩემი პარტნიორებიც.
– აქ ძალიან მყუდრო ადგილია, სიჩუმე და იმიტომ შემოგეკედლეთ, – მითხრა გოგონამ, თითქოს ვერანდის სხვა ადგილებში არ ყოფილიყო სიჩუმე და სიმყუდროვე. იქ მხოლოდ ჩვენ ვიმყოფებოდით და ვის უნდა ეხმაურა? მაგრამ, გამოჭერაზე იყო და რაღაც ხომ უნდა ეთქვა?!
– რას მებოდიშებით, პირიქით, თქვენ ძალიან სასიამოვნო კომპანიონი ბრძანდებით და მოხარული ვარ, რომ შემომიერთდით, – მივუგე გოგონას.
– ანჟელიკა! მეგობრებისთვის – ანჟელა. თქვენ, შეგიძლიათ, ანჟელა დამიძახოთ, – გოგონამ მარჯვენა ხელი გამომიწოდა და მომხიბვლელად გამიღიმა.
– ძალიან სასიამოვნოა. კოკი. – მივუგე ანჟელას, წამოვდექი, ხელზე ვეამბორე და ვუთხარი, – თქვენისთანა ლამაზი გოგონა ნებისმიერ მამაკაცს დაუმშვენებს გვერდს.
– ბატონო კოკი, თქვენ გაგიმარჯოთ! – ანჟელამ კოქტეილიანი ჭიქა მომიჭახუნა და სასმელი მოწრუპა.
– თუ ბატონობით მომმართავთ, იძულებული ვიქნები, მეც თქვენობით გელაპარაკოთ. მე კი, სიმართლე გითხრათ, შენობით უფრო მსიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა.
– კარგი, კოკი, მასე იყოს, – მითხრა ანჟელამ და დაამატა: – რა სამწუხაროა, რომ აქ მოწევა არ შეიძლება.
– ანჟელა, ჩემო გოგონა, ერთი წინადადება მაქვს შენთან, – ვუთხარი ანჟელას.
– გისმენ, კოკი, საინტერესო წინადადებებზე ჭკუას ვკარგავ.
– თუ გცალია, ჩემთან გპატიჟებ – შემიძლია, ძალიან მაღალი ხარისხის თამბაქო და სასმელი შემოგთავაზო.
– კარგი იდეაა, რა თქმა უნდა, მცალია, შორი გზა გვაქვს?
– არა, აქვე, ვაკეში, ახალაშენებულ სახლში.
– რა ახლო ყოფილა, იქამდე ფეხითაც კი მივალთ და ტაქსის გამოძახებაც არ დაგვჭირდება, – თქვა ანჟელამ.
– ტაქსი რად გვინდა, როდესაც „ბეემვეს“ ახალთახალი „ჯიპი“ გველოდება, – ვუთხარი ანჟელას, რომელსაც ცნობისმოყვარეობა სრულად დავუკმაყოფილე და დარწმუნდა, რომ მართლაც მდიდარ „ბებერს“ ჩაავლო.
– მერე, შენი ცოლი არ გამიბრაზდება? – მკითხა ანჟელამ და რამდენიმე ზედმეტი კითხვა რომ არ დაესვა, სრული პასუხი გავეცი:
– ქვრივი ვარ, მარტო ვცხოვრობ და შეგიძლია, დიასახლისად იგრძნო თვი.
ანჟელას მეტი არაფერი უკითხავს, რადგან მის ხელში იყო სრული კარტ-ბლანში და მხოლოდ და მხოლოდ მის მარიფათზე იყო დამოკიდებული ყველაფერი. ის მთელი გზა ჩემს „აგდებას“ ცდილობდა, ხოლო, ჩემი უზარმაზარი, ფეშენებელური სახლი რომ ნახა, ლამის შემოსასვლელშივე შემომახტა, მაგრამ მე თმაზე გადავუსვი ხელი და ვუთხარი:
– ნუ ვიჩქარებთ, წინ კიდევ დიდი დრო გვაქვს და ყველაფერს მოვასწრებთ.
დიდ დროში, მაქსიმუმ, ოთხ დღეს ვგულისხმობდი, მაგრამ მასთან ურთიერთობა, ჩემი საზომით, მართლაც დიდხანს გაგრძელდა – ანჟელამ ერთი კვირა მოახერხა ჩემთან დარჩენა. ის მართლაც ძალიან კარგი სექს-პარტნიორი იყო, თავისი საქმე „ფრიადზე“ იცოდა და მართლა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ, თვითონ უფრო მეტი ნეტარება მიიღო და ამას არც მალავდა.
– კოკი, საყვარელო, რა მაგარი ყოფილხარ! ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ შენთან ასე კარგად ვიგრძნობდი თავს და ასეთი სექსი გვექნებოდა, – მითხრა ანჟელამ პირველივე ღამის შემდეგ და ამას იმეორებდა მუდმივად.
„დროა, აქედან „ავახვევინო“. ერთი კვირაა, რაც აქ ბაირამობს და ძალიან გაგვიტკბა. მართლა ცოლი ხომ არაა ეს პუტანკა გოგო“, – გავიფიქრე ანჟელასთან ყოფნის მეშვიდე დღეს, როდესაც თვალი გავახილე და სააბაზანოსკენ მიმავალ მის იდეალურ სხეულს შევავლე თვალი.
ანჟელამ შხაპი მიიღო, ვარდისფერ ხალათში გამოწყობილი მეახლა და მითხრა:
– როგორც ყოველთვის, სამზარეულოში გავშალო სუფრა?
– არა, ამჯერად განრიგი შეიცვალა, – მივუგე ანჟელას, საწოლიდან წამოვდექი და, სანამ სააბაზანოში შევიდოდი, ვუთხარი: – რესტორანში ვისადილოთ.
– რა კარგია, – ტაში შემოჰკრა ანჟელამ, – რომელში?
– რომელშიც შენ ისურვებ, – გავუღიმე ანჟელას და დავამატე: – ეს იქნება ჩვენი გამოსათხოვარი სადილი. შემდეგ კი, საჩუქარს მოგართმევ, რომ არ დამივიწყო.
– გამოსათხოვარი? – გაიმეორა ანჟელამ, რომელიც უკიდურესად გაამწარა ჩემმა სიტყვებმა, თუმცა, მაქსიმალურად ცდილობდა, არ შეემჩნია.
– ჰო, ჩემო გოგონა. ამ საღამოს გაურკვეველი დროით მივემგზავრები უცხოეთში, – ვუთხარი ანჟელას, რომელმაც ნაძალადევი ღიმილით მომიგო:
– რა გაეწყობა, კოკი, თუ საქმე გაქვს, უნდა გაემგზავრო, მაგრამ, იცოდე, რომ მე შენ არასოდეს დამავიწყდები.
– არც მე დამავიწყდები, ჩემო გოგონა, – გავუღიმე ანჟელას, – მოდი, გაემზადე, მე კი შხაპს მივიღებ და წავედით.
მე სააბაზანოში შევედი, კარი დავხურე, წყალი მოვუშვი და კედელში ჩამონტაჟებული საიდუმლო მონიტორები ჩავრთე, რომლებიც ყველა ოთახის კედელში მქონდა ჩამონტაჟებული და მათი მეშვეობით ყველა ოთახის კონტროლი იყო შესაძლებელი. ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ასეთი რამ სასიცოცხლოდ აუცილებელია და გამონაკლისი არც მე ვარ. ამ მონიტორების მეშვეობით ჩემი იშვიათი სტუმრების კონტროლი შემიძლია და იმ ერთი კვირის განმავლობაში ანჟელასაც ვაკონტროლებდი. თუმცა, საეჭვო არაფერი შემინიშნავს მისთვის და როდესაც ბოლოჯერ ჩავრთე, არ მეგონა, რომ გოგონას ჭეშმარიტ ჩანაფიქრს გავშიფრავდი, რადგან ის რიგითი პუტანკა მეგონა.
მე ტანზე გავიხადე, თან ანჟელას გადაადგილებებს ვაკვირდებოდი. ის საძინებელში შევიდა და საწოლთან დაწყობილ ფეხსაცმელს დასწვდა, შემდეგ მარცხენა ქუსლი გახსნა, შიგნით ჩამალული კაფსულა ამოიღო, სამზარეულოში გავიდა, შამპანურით სავსე ჭიქაში ფხვნილი ჩაყარა, კაფსულა ფანჯრიდან გადააგდო და ორი ჭიქით ხელში სააბაზანოსკენ გამოემართა.
მე თვალებს არ ვუჯერებდი და ჩავილაპარაკე: „ღმერთო ჩემო, ნუთუ მომიგზავნეს და მწამლავს?“
ამასობაში ანჟელამ სააბაზანოს კარზე მომიკაკუნა და მითხრა:
– კოკი, საყვარელო, ცივი შამპანური მოგიტანე, დალიე, გესიამოვნება!
მე მონიტორები გამოვრთე და კედელი ჩამოვაფარე, შემდეგ კარი გავაღე და ანჟელას ვუთხარი:
– მოდი, ბოლოჯერ დამატკბე შენი სურნელით, რესტორანში კი მოგვიანებით წავიდეთ, – ანჟელას ჩემთვის განკუთვნილი ბოკალი გამოვართვი და დავამატე, – თუ, რა თქმა უნდა, არ მიბრაზდები და ამის სურვილი გაქვს.
– არ გიბრაზდები, ახლავე მოვალ, შენ კი დალიე და სექს-შოუსთვის მოემზადე, – მითხრა ანჟელამ და შებრუნდა.
მე შამპანური გადავასხი და სანამ ანჟელა შემობრუნდებოდა, ბოკალი ძირს დავაგდე, თავად კი ძირს დავარდნის იმიტაცია გავაკეთე და ანჟელას რეაქციას დაველოდე, რომელსაც ვერ ვხედავდი და მხოლოდ მისი ხმა მესმოდა.
– ეგრე უცებ მოგერია ძილი, შე ბებერო?.. თუმცა, ლოგინში მართლა მაგარი ხარ და აქამდე იმიტომ ვიკავებდი თავს, – გადაიკისკისა ანჟელამ და მისი სიტყვებიდან მივხვდი, რომ ის უბრალო მძარცველი იყო და არა მოგზავნილი მკვლელი. თუმცა, გადავწყვიტე, ბოლომდე შემემოწმებინა ეს ვერსია, თვალი არ გამიხელია და დაბანგული კაცის როლის თამაში განვაგრძე.
ანჟელამ ოთახებს დაუარა, რაც მოსწონდა იღებდა და მაგიდაზე ალაგებდა, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მკვლელი არ იყო. ამიტომ, ხალათი მოვიცვი, სააბაზანოდან დინჯად გავედი და იმ დროს წავადექი თავზე, როდესაც ის კომოდის უჯრებში იქექებოდა. ის ისე იყო გართული თავისი საქმიანობით, რომ ვერ შემამჩნია. ამიტომ მხარზე დავადე ხელი და ვუთხარი:
– რა ქენი, იპოვე რამე?
– ანჟელასთვის იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი გამოჩენა, რომ ადგილზე გაქვავდა. შემდეგ გამოერკვა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მაჯაში ჩავავლე ხელი და ვკითხე:
– საით, შე კახპა?
– კოკი, მაპატიე, გამიშვი რა!
– იქნებ, ჯერ ჩემი სახლი გაგაძარცვინო და ისე გაგიშვა? ჰა, რას იტყვი, გაწყობს? – შევუბღვირე ანჟელას.
– რა ვქნა, ასეთი პროფესია მაქვს და თავს ამით ვირჩენ. ასე რომ არა, გავბომჟდებოდი და ქუჩაში მომიწევდა ცხოვრება. მე ხომ არც სახლ-კარი მაქვს და არც წესიერი სამსახური?
– ჩემს ბინაში ხომ არ ჩაგწერო ან ბინა ხომ არ გიყიდო სულაც? რას იტყვი, ცუდი იდეა ხომ არაა?
– კარგი, კოკი, ნუ ბრაზობ. შენ ყოველმხრივ უზრუნველყოფილი კაცი ხარ, არაფერი გაკლია და იმაზე ფიქრი არ გჭირდება, სად იშოვო ბინის ქირისა და ლუკმაპურის ფული. მე კი ამაზე ფიქრითა და ზრუნვით ტვინი ამიდუღდა და, ერთი შეცდომაც რომ დავუშვა, სროკი არ ამცდება. სროკი მინდა ახლა მე?
– აბა, რა გინდა?
– უზრუნველი ცხოვრება უცხოეთში.
– მერედა, შენი გარეგნობის ქალისთვის ამაზე ადვილი რა არის? ტან-ფეხი არ გაკლია, სილამაზე და, რაც მთავარია, გაქნილი აფერისტი ხარ. იპოვე ვინმე ფულიანი კაცი, „შეახუჭუჭე“ და გაჰყევი ცოლად. მე გასწავლო, როგორ მოიქცე? – მხრები ავიჩეჩე და ირონიულად ჩამეცინა.
– ეგ კი ვიცი, ჩემო კოკი, მაგრამ, ჩემს პალიკოს ვერ ვუღალატებ, – ამოიოხრა ანჟელამ.
– ეგ ვინღაა?
– ჩემი შვილი. სულ რაღაც ცხრა თვისაა, ბავშვიანს ვინ წამიყვანს? მისი მიტოვება კი გამორიცხულია, ძალიან მიყვარს. აგერ უკვე ერთი კვირაა, არ მინახავს და გული საგულეს აღარ მაქვს.
– ქმარმა მიგატოვა?
– შეყვარებულმა, – ცრემლები წამოსცვივდა ანჟელას და შევატყვე, რომ გულწრფელად ტიროდა. ამიტომ, ცრემლები ხალათის საყელოთი მოვწმინდე და ვუთხარი:
– გეყოფა ტირილი, დამშვიდდი და მითხარი, რაშია საქმე?
– სოფლიდან შვიდი წლის წინ ჩამოვედი თბილისში და უნივერსიტეტში მოვეწყვე, – დაიწყო ანჟელამ, მაგრამ მე მას სიტყვა შევაწყვეტინე და ვკითხე:
– რამდენი წლის ხარ და რომელ უნივერსიტეტში მოეწყვე? ახლა ყველა ხარახურა სასწავლებელს უნივერსიტეტი დაარქვეს.
– ჯავახიშვილში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, – ნაღვლიანად მომიგო ანჟელამ და დაამატა: – ოცდაექვსი წლის ვარ.
– ოცდაექვსის? – გულწრფელად გამიკვირდა მე, თან, შემრცხვა, რადგან ლამის შვილიშვილისხელა გოგონასთან მქონდა ინტიმური კავშირი.
– დიახ, ოცდაექვსის, – გაიმეორა ანჟელამ, – სხვათა შორის, პროფესიით იურისტი ვარ და უნივერსიტეტი „ფრიადებზე“ დავამთავრე, თუმცა სამსახური ვერსად ვიშოვე. ყველას ჩემი სხეული უნდოდა და არა ცოდნა. მე კი პატიოსანი, კარგად აღზრდილი გოგო ვიყავი და ბოზობას გონებაშიც კი ვერ გავივლებდი. ერთი პერიოდი სოფელშიც კი დავბრუნდი, მაგრამ, ოჯახს ძალიან გაუჭირდა, ისევ თბილისში ჩამოვედი და ერთ-ერთი კერძო კომპანიის ოფისში მოვეწყვე იურისტად. კარგი ხელფასი მქონდა და ჩემი უშუალო უფროსი მირიანიც მომწონდა. ის სიმპათიური, პატიოსანი და ყურადღებიანი ახალგაზრდა კაცი იყო. სამსახურში პირადად მან მიმიღო და ერთი ზედმეტი სიტყვაც არ უკადრებია. ვიცოდი, რომ ცოლი არ ჰყავდა და, გულში ჩამივარდა. შემდეგ ძალიან შემიყვარდა და ვატყობდი, რომ მასაც მოვწონდი. რამდენიმე თვის შემდეგ კი მირიანი სიყვარულშიც გამომიტყდა და დაოჯახება შემომთავაზა. მე მისი სიტყვები დავიჯერე და იმავე ღამეს ლოგინში ჩავუწექი. ჩვენი ურთიერთობა ოთხ თვეს გაგრძელდა, თუმცა, დაოჯახებაზე აღარ მელაპარაკებოდა, მე კი სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ერთ საღამოს ვუთხარი:
– მირიან, მე ფეხმძიმედ ვარ.
– ფეხმძიმედ?
– ჰო, მეოთხე თვეში გადავდივარ. მალე მუცელი დამეტყობა და ქორწილში გაბერილი ხომ არ ვიჯდები?
რის ქორწილი, რა ქორწილი. მირიანი, თურმე, იმ ფირმის მფლობელის სიძე იყო, სადაც მე ვმუშაობდი. ამიტომ, სამსახური დამატოვებინეს და, ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩი... არც სოფელში მიმიღეს ჩემებმა. პალიკო რომ გამიჩნდა, ერთ ბინძურ ოთახში ვცხოვრობდი ავლაბარში. ერთმა ბებიაქალმა მიპატრონა, რომელიც კეთილი ქალი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას ბავშვის გაყიდვა სდომებია და ჩემგან უარი რომ მიიღო, დამემუქრა. იმან მიშველა, რომ ის და მისი თანამზრახველები დააპატიმრეს. მე და პალიკო კი გლდანში, ოროთახიან ბინაში გადავედით, დიასახლისთან ერთად ვცხოვრობთ და, როდესაც სახლში არ ვარ, ბავშვს ის ქალი პატრონობს.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არასენტიმენტალური ვარ, ანჟელას მონაყოლმა ლამის ამატირა და ვუთხარი:
– ხომ არ მატყუებ რამეს?
– არა, არაფერს გატყუებ და ახლავე დაგიმტკიცებ ამას, – მომიგო გოგონამ, მობილურზე დარეკა და თქვა:
– მე ვარ, დეიდა ზინა, როგორ ხართ, პალიკო როგორაა?
მობილური მაღალ ხმაზე იყო ჩართული და ქალების ლაპარაკი კარგად მესმოდა.
– შენ, შვილო, შენ როგორ ხარ? პალიკოზე ნუ დარდობ, დავბანე, ვაჭამე და ამ წუთას დაიძინა. როდის მოდიხარ?
– სემინარი უკვე დასრულდა, დეიდა ზინა. ვისადილებთ, შუადღისთვის გამოვემგზავრებით და საღამოს უკვე თბილისში ვიქნებით.
– კარგი, შვილო, აბა, შენ იცი, გელოდებით!
– ნახვამდის, დეიდა ზინა! – ანჟელამ ტელეფონი გათიშა და მომიბრუნდა:
– დეიდა ზინას ჰგონია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სემინარზე ვიმყოფები. ვატყუებ, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. აბა, ხომ არ ვეტყვი ბოზი ვარ, ქურდბაცაცა და ფულს ამით ვშოულობ-მეთქი?!
– ალბათ, ბათუმში ჰგონიხარ, ხომ?
– დიახ, როგორ მიხვდით? – გაუკვირდა ანჟელას, – ახლა ბათუმია ცენტრი, ყველა „ტუსოვკა“ იქ იმართება და საერთოდ, ძალიან მოდური ქალაქი გახდა.
– გამიშვებთ თუ პოლიციას ჩააბარებთ ჩემს თავს? – ძალიან საწყლად მკითხა გოგონამ.
– შენი ჩაბარებით რა ხეირი, რო?! რომელი ბინ ლადენი შენ ხარ, რომ შენი ჩაბარებით მილიონები გადამიხადონ? მაგრამ, რომც იყო, მაინც არ ჩაგაბარებდი, საშიშია და იმიტომ. მე კი ამ სიბერეში პრობლემები ნამდვილად არ მაწყობს, – ნახევრად ხუმრობით ვუთხარი გოგონას.
– ესე იგი, მიშვებთ?
– შენი ასე გაშვებაც რომ არ მინდა?!
– ასე როგორ, კიდევ სექსი ხომ არ გნებავთ? – სრული სერიოზულობით მკითხა გოგონამ.
– ეეჰ, ანჟელა, ანჟელა, – გავბრაზდი მე, – რის სექსი, ახლა იმასაც ვნანობ, რაც ჩვენ შორის მოხდა და გირჩევ, რომ ეს პუტანკური აზროვნება ტვინიდან ამოიგდო, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდე და საქმეს მოჰკიდო ხელი. მით უმეტეს, დიპლომი გქონია და, თუ არ მატყუებ, იურისტი ყოფილხარ.
– დიპლომიანმა იურისტობამ და სამსახურმა ჩამაგდო ასეთ დღეში.
– სხვას ნუ აბრალებ, ასეთ დღეში შენ თვითონ ჩაიგდე თავი. ნუ ჩაუგორდებოდი ლოგინში იმ ნაძირალას და არაფერი მოხდებოდა, ან, სულაც, დამცავი საშუალება გეხმარა. ერთი სიტყვით, ახლა ამაზე ლაპარაკი უაზრობაა, ნერვების აშლის მეტს არაფერს მოგიტანს და მომავალზე უნდა იფიქრო.
– ჩემი მომავალი ჩემი პალიკოა. იმიტომ დავპუტანკობ და დავბაცაცობ ასე, რომ მას მომავალი ავუწყო და ჩემსავით არ გაუბედურდეს.
– პუტანკობითა და ბაცაცობით აწყობილი მომავალი შემირცხვენია, – ისე ვუთხარი გოგონას, თითქოს ჩემი შვილების მომავალი კაცის კვლაში აღებული ფულით არ მქონდა აწყობილი, – ერთხელაც კოკა წყალზე გაგიტყდება. ხომ არ გგონია, სხვა დროსაც ჩემნაირი კაცი შეგხვდება, შეეცოდები და გაგიშვებს? ისე ჩაგაბარებენ პოლიციაში და ისე გაგსროკავენ, თვალსაც არავინ დაახამხამებს. შენი პალიკო კი, როგორც შენ ბრძანე, ვის გამოც ასეთ დღეში ხარ, უპატრონოდ დარჩება. ხომ არ გგონია, რომ მას ზინა დეიდა გაგიზრდის, სანამ შენ ციხეში იჯდები? ციხეში კი კარგა ხნით გამოგამწყვდევენ, რადგან კანონი უკიდურესადაა გამკაცრებული და არც ქალებს ინდობენ, არც ბავშვებს და არც მოხუცებს. იურისტი ხარ და ეს შენ ჩემზე კარგად უნდა იცოდე.
– რა ვქნა, მონასტერში აღვიკვეცო? – ირონიულად მითხრა გოგონამ, რაზეც მე გავმწარდი და კბილებში გამოცრით ვუთხარი:
– იმუშავე!
– ჰოდა, ვმუშაობ! – მშვიდი ირონიით მომიგო გოგონამ.
– იცი, რას გეტყვი, შე ბოზანდარა, შენა? – ჩემთვის ჩვეულ სიმშვიდეს დავუბრუნდი მე, რაც ყოველთვის მშველოდა კრიტიკულ სიტუაციებში და, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალიან მეცოდებოდა, მაინც ვუთხარი: – ფეხებზე მკიდია, რას იზამ. ახლა კი შეგიძლია, წახვიდე და ძველი საქმიანობა განაგრძო. აი, კარი, მიბრძანდი!
ჩემმა სიტყვებმა ისე იმოქმედა ანჟელაზე, რომ იატაკზე დაემხო და მწარედ აქვითინდა, თან იმეორებდა: ღმერთო, ღმერთო, ისეთი რა შევცოდე, რომ ასე დამსაჯეო.
მე უხმოდ ვუყურებდი გოგონას, რომელმაც ჯერ ტირილით იჯერა გული, ბოლოს წამოდგა, კარისკენ გაემართა და თქვა:
– ბოდიშს გიხდით, ბატონო კოკი, ყველაფრისთვის. მაპატიეთ. მე წავედი!
– ანჟელა, მოიცადე! – ვუთხარი გოგონას, რომელიც შეჩერდა, ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და მითხრა:
– ანჟელა არ ვარ, მოგატყუეთ, მე ეკა მქვია.
– კიდევ უკეთესი, ჩემო კარგო, – შემრიგებლურად გავუღიმე ეკას, – ჯერ აბაზანაში შედი და თავი მოიწესრიგე, შემდეგ საჭმელი გაამზადე და ვისადილოთ. ბოლოს კი ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებ და, ვნახოთ, თუ მოგეწონება.
ეკასგან შევიტყვე, რომ პუტანკობა მას ორი თვის დაწყებული ჰქონდა, ჩემი გაძარცვის მცდელობა კი მისი მეორე კრიმინალური საქმე იყო. პირველი ქუთაისში ჰქონდა ჩადენილი, როდესაც ვიღაც თურქი ბიზნესმენი დააძინა, საფულიდან სამი ათასი ევრო ამოაცალა და გაიქცა.
– ეს ორი თვის წინ იყო, – მითხრა ეკამ, – ის თურქი, მირიანის შემდეგ ჩემი პირველი მამაკაცი იყო. ჩემს ცხოვრებაში თქვენ მესამე ხართ. იმ სამი ათასი ევროთი ვარსებობთ დღესაც და, ფული რომ არ შემოგვკლებოდა, თქვენი გაქურდვა იმიტომ მინდოდა.
ძალიან ცუდი, მაგრამ, ვხედავ, რომ მთლად წყალწაღებული არ უნდა იყო და გამოსწორების შანსი გაქვს, თუკი ვინმე დახმარების ხელს გამოგიწვდის, – ვუთხარი ეკას და დავამატე; – ამიტომ, გადავწყვიტე, დაგეხმარო, თან, შენი ოცნება აგისრულო და უცხოეთში გაგიშვა:
– უცხოეთში გამიშვათ? – საკუთარ ყურებს არ უჯერებდა ეკა.
– უცხო ენა თუ იცი?
– გერმანული, მაგრამ, ძალიან ცუდად.
– სამი თვე გეყოფა, რომ ძალიან კარგად ისწავლო?
– დიახ!
– ჰოდა, ძალიან კარგი: გერმანულის შემსწავლელ კურსებზე დაიწყებ სიარულს, საფასურს კი მე გადაგიხდი, თან უცხოეთის პასპორტს აგაღებინებ და შენს პალიკოსთან ერთად შვეიცარიაში გაგიშვებ. იქ რამდენიმე სახელმწიფო ენაა, მათ შორის, გერმანულიც და ერთ-ერთის ცოდნა აუცილებელია.
– შვეიცარიაში ვის ვჭირდები?
– იქ ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და მოგხედავენ – ყველანაირად შეგიწყობენ ხელს, მაგრამ, არ უნდა შეარცხვინო და წესიერად მოიქცე, – ვუთხარი ეკას. შემდეგ სამი ათასი ევრო ვაჩუქე და დავამატე: – ეს ფული შენ, პალიკოს და ზინას სამი თვე გეყოფათ. სწავლის ფულს ხვალ ჩაგირიცხავ. თუ რამე გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოჩნდა, იმასაც გადაგიხდი. შენ კი მხოლოდ წესიერება და სიბეჯითე მოგეთხოვება. ახლა წადი, შენს პატარას ჩაეხუტე და წესიერი ცხოვრებისთვის მოემზადე.
– თავი ზღაპარში მგონია, ბატონო კოკი, – მითხრა ეკამ, რომელსაც კვლავ ცრემლები მოადგა თვალზე.
– ოღონდ, ცრემლები არ დამანახვო, – ვუთხარი ეკას და ღიმილით დავამატე, – ზოგჯერ ზღაპარიც ახდება ხოლმე და, მგონი, გაგიმართლა.
ეკას ჩემი მობილურის ნომერი მივეცი და გავისტუმრე. შემდეგ ნატას დავურეკე, ეკას ისტორია მოკლედ მოვუყევი, ბოლოს კი ვკითხე:
– რას იზამ, დაეხმარები დედა-შვილს?
– დიდი სიამოვნებით. მერწმუნე, რომ ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე შენ წარმოგიდგენია, – მომიგო ნატამ.
ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ეკამ ბრწყინვალედ აითვისა გერმანული, უპრობლემოდ გაემგზავრა პალიკოსთან ერთად შვეიცარიაში და ჩემი დობილის, ნატას დახმარებით, საკმაოდ კარგად გრძნობს თავს. დღეს ის ბავშვთან ერთად ჟენევაში ცხოვრობს და ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს. ერთი სიტყვით, გაუმართლა და გამიმართლა მეც, რადგან, ეკას რომ ჩემი გაქურდვა მოეხერხებინა, ჩემი სახლიდან ჩემი ლეპტოპი წაეღო ან მაყუჩიანი პისტოლეტები წაეღო, გამორიცხული არაა, რომ ის პოლიციას დაეკავებინა, მისი მეშვეობით კი ჩემს კვალზე გამოსულიყვნენ და გავშიფრულიყავი...
ეკასთან დაკავშირებული ისტორიიდან ექვს თვეზე ოდნავ მეტი გავიდა. მას შემდეგ ჩემი უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მეტად გავამკაცრე, თან პარტნიორი ქალების ასაკიც ავწიე და 35 წელზე ქვემოთ ქალს არც კი ველაპარაკები.
გარდა ამისა, არასდროს ვიღებ შეკვეთას ბავშვების მკვლელობაზე, შეძლებისდაგვარად, ქალის მოკვლასაც ვერიდები – ძალიან დარწმუნებული უნდა ვიყო მოკვლის აუცილებლობაში, რომ ქალი გამოვასალმო სიცოცხლეს. ბავშვის მოკვლა არც „კაგებეში“ დაუვალებიათ, ქალის ლიკვიდაციაზეც სულ სამჯერ ვიმუშავე და, საერთოდ, მსგავს დავალებებს ყველა გაურბის. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობენ, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს, მათთვის ყველანაირი ზღვარი წაშლილია და, შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, შეუძლიათ, თოთო ბავშვი ცოცხლად დაწვან...
გაგრძელება შემდეგ ნომერში