მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ექიმის რჩევები
2011-07-01
ნონა დათეშიძე

 

 

კითხვა: როგორ შევამციროთ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა?

პასუხი: სისხლში ლიპიდების მომატებისას აუცილებელია, დაიცვათ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით (ხორცისა და კვერცხის მინიმალური რაოდენობა, მცენარეული ზეთი კარაქის მაგივრად და ასე შემდეგ), მაგრამ თუ ლიპიდები საგრძნობლადაა მომატებული, დიეტასთან ერთად საჭიროა, შესაბამისი მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება.

კითხვა: როგორ მკურნალობენ ნეკნის მოტეხილობას და რამდენ ხანს?

პასუხი: ნეკნის მოტეხილობისას თაბაშირს არ ადებენ. იყენებენ მხოლოდ გადახვევას გულმკერდის მოძრაობის შესაზღუდავად, ნახევრად მწოლიარე რეჟიმს, ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს. როგორც წესი, ახალგაზრდებში 3 კვირაში მოტეხილობა შეხორცებულია.

კითხვა: რა არის კუდუსუნის კისტა და შეიძლება თუ არა მისი უოპერაციოდ მკურნალობა?

პასუხი: ეს თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც წლების განმავლობაში შეიძლება უსიმპტომო იყოს. მისი გამჟღავნება უფრო ხშირად ხდება კუდუსუნის არეში ფისტულის გაჩენით. სწორედ ფისტულა ხდება ქირურგიული ჩარევის მიზეზი, რადგან კონსერვატიულად ის არ განიკურნება.

კითხვა: როგორ მოვიქცე ფეხებში ხშირი სპაზმების დროს?

პასუხი: უნდა გამოიკვლიოთ კალიუმის რაოდენობა სისხლში, რადგან სწორედ კალიუმის უკამარისობა შეიძლება იყოს, ასეთი სპაზმების მიზეზი. ასევე შეიძლება, თრომბოფლებიტის საწყისი სიმპტომი იყოს ან ფეხის კუნთების გადაღლილობა.

კითხვა: მოწამვლის შემდეგ მაქვს შავი ფერის განავალი (მართალია ნახშირს ვიღებდი) და გულის რევის შეგრძნება, უკვე მესამე დღეა.

პასუხი: აქტივირებული ნახშირი აძლევს განავალს შავ შეფერილობას, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილებიდან (კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი) სისხლისდენის დროსაც იცის კუპრისებრი განავალი (მელენა). გირჩევთ, გაიკეთოთ გასტროსკოპია და მიმართოთ გასტროენტეროლოგს.

კითხვა: ვარ 22 წლის, 3-4 თვეა დამჩემდა შიშები: მეშინია ლიფტით, მანქანით მგზავრობა და სხვა. ადრე მსგავსი არაფერი მქონია.  მიჭირს სუნთქვა და გულის წასვლის შეგრძნება მაქვს. რა მჭირს?

პასუხი: სავარაუდოდ, საქმე გვაქვს კლაუსტროფობიასთან – დახურული სივრცის შიში. ამა თუ იმ ფორმით ეს პათოლოგია ბევრ ადამიანს აქვს. თუ თქვენი მდგომარეობა ძალიან შემაწუხებელია, მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.

რუბრიკას უძღვება

ოჯახის ექიმი 

მაია ნუცუბუძე